ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „განხილვადია“ საკითხი ნიკა მელიამ გირაო თავად გადაიხადოს, თუ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით „რაიმე ფორმულირებაზე შეთანხმება შედგება“

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „განხილვადია“ საკითხი ნიკა მელიამ გირაო თავად გადაიხადოს, თუ მედიატორ დანიელსონის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტში ახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „რაიმე ფორმულირებაზე შეთანხმება შედგება“. ამის შესახებ ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, თუმცა განმარტა, რომ ჯერჯერობით საკითხი ამ კუთხით დღის წესრიგში არ დამდგარა.

„ამ საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ დამდგარა, რადგან შესაბამისი შემოთავაზებაც არ ყოფილა - „ქართული ოცნება“ პირდაპირ უარს ამბობს ნებისმიერი სახის მოლაპარაკებაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა თუ მოხდებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით არჩევნებთან დაკავშირებულ რაიმე ფორმულირებაზე შეთანხმება, ბუნებრივია, ასევე განხილვადი იქნებოდა ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის საკითხი“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება 8 აპრილს, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოში ჩანიშნულ პროცესს, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე უნდა იმსჯელონ, ბეჟაშვილი იმედოვნებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ეყოფა გამბედაობა, პასუხისმგებლობას აიღებს და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს საკანში აღარ გამოკეტავს.

„მოლოდინებზე საუბარი „ქართული ოცნების“ პირობებში რთულია იმიტომ, რომ არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს ძალიან ხშირად იღებენ ხოლმე, მითუმეტეს, როცა სასამართლოსთან გვაქვს საქმე. ძალიან კარგად ვიცით, რომ სასამართლო ხელისუფლება პრაქტიკულად არ არსებობს ქვეყანაში, თუმცა მიგვაჩნია რა, რომ ნიკა მელიას დაკავება თავის დროზე პოლიტიკური საკითხი იყო, ვფიქრობთ, რომ მისი გათავისუფლებაც პოლიტიკურად უნდა გადაწყდეს და ალბათ, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ახლაც პოლიტსაბჭოზე იმსჯელოს ამ საქმეზე, როგორც დაკავების საკითხზე იმსჯელა და მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება.

ველოდებით, გაითვალისწინებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებებს, რომ თითოეული პოლიტპატიმარის მიერ გატარებული დღე საკანში არის სწორედ ქართული ინტერესების საწინააღდეგო და რუსების ინტერესებში“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რა მესიჯი იქნება ოპოზიციისთვის, თუ სასამართლო ნიკა მელიას 8 აპრილსაც პატიმრობაში დატოვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, „ამით საზოგადოება და პარტნიორები კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაინახავენ, რომ ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს ოპონენტებს სწორედ ამ ენით ესაუბროს, კრიზისის გადაწყვეტისთვის მიმდინარე მოლაპარაკებების დროს კი მძევლები აიყვანოს და შემდგომ მძევლებით ივაჭროს“.

„ახლა ველოდებით, რომ მათ ეყოფათ გამბედაობა, აიღებენ პასუხისმგებლობას და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს საკანში კი არ გამოკეტავენ, არამედ მართლა პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ აღიარებენ, რის შემდეგაც დასხდებიან მასთან მოსალაპარაკებლად იმისთვის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი განისაზღვროს“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო