„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI)“ კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 25% მიიჩნევს, რომ არჩევნები ცალსახად თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე იყო, 19% კი ფიქრობს, რომ არჩევნები ცალსახად არასამართლიანად ჩატარდა, არ იყო სამართლიანი და გამჭვირვალე. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 28% ფიქრობს, რომ არჩევნები გარკვეულწილად თავისუფლად, სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა.
კითხვაზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმ უბანზე, სადაც ამომრჩეველი ხმას აძლევდა, იყო თუ არა უსაფრთხო გარემო, იმისთვის, რათა ხმის მიცემის პროცესი კონფიდენციალური ყოფილიყო და არ ყოფილიყო ძალადობისა და დაშინების შიში, გამოკითხულთა 48%-მა დადებითი პასუხი გასცა, უარყოფითი პასუხი კი მხოლოდ 10%-მა დააფიქსირა, ამასთანავე, გამოკითხულთა 26%-მა აღნიშნა, რომ საარჩევნო უბანზე გარკვეულწილად იყო დაცული კითხვაში ჩამოთვლილი პირობები.
ცნობისთვის, კვლევა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვალია.
საველე სამუშაოები „IPM“ მიერ ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.