ლევან კობერიძე - ოპოზიციას „თაგვმა თხარა“ გამოუვიდა, „ქართულ ოცნებას“ საშუალება მისცა კარგად გამოიყურებოდეს - მოლაპარაკების ეს ფურცელი გადაფურცლულია, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს

პარლამენტის ყოფილი წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით, „ოპოზიცია იმდენად არასწორად იქცევა, „ქართულ ოცნებას“ მისცა საშუალება, კარგად გამოიყურებოდეს, მათ შორის ევროპელი პარტნიორების თვალში“.

როგორც კობერიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, დასაწყისში ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების რიტორიკა უფრო მკაცრი იყო, თუმცა აქ ჩამოსვლის შემდეგ შეიცვალა.

„დასაწყისში ხელისუფლებაზე უფრო დიდი წნეხი იყო და როდესაც ის ადამიანები ჩამოვიდნენ ადგილზე, ბევრი რამ ნახეს, მერე შეიცვალა რიტორიკა. „თაგვმა თხარა“ გამოუვიდა ოპოზიციას იმიტომ, რომ შორიდან რაღაცები არ ჩანდა. ჩვენი პარტნიორების რიტორიკაც შეიცვალა“, - განაცხადა კობერიძემ.

ამასთან, როგორც კობერიძე აღნიშნავს, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა შევიდნენ. ის მცირე ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად „ქართულ ოცნებას“ ვერასდროს დაამარცხებენ და თუ დაამარცხებენ, ისევ „ნაციონალურ მოძრაობას მოიყვანენ“.

„რა ფორმას გამოძებნიან, თვითონ გადაწყვიტონ, მაგრამ ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში. მათ ამის საბაბი ბევრჯერ მიეცათ. მათ შორის ევროპარლამენტარებმაც ამისთვის ყველაფერი გააკეთეს. ახლა ცოტა გაჯიუტებული ბავშვებივით არიან და უფრო დიდ მიზეზს ეძებენ“, - განაცხადა კობერიძემ.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის რესურსი აღარ არსებობს.

„მოლაპარაკების შეთანხმების იმ ფურცელზე, რაც დანიელსონმა წარმოადგინა, რიგგარეშე არჩევნები არ ეწერა. ეს ნიშნავს, რომ მათთვისაც და ჩემთვისაც, ეს ფურცელი უკვე გადაფურცლულია. ეს უნდა დამთავრდეს და დაიწყოს პოლიტიკური პროცესი მომავალი არჩევნებისთვის მზადებით, ეს იქნება რიგგარეშე თუ არარიგგარეშე არჩევენები, ამას პროცესი გამოაჩენს. მაგრამ დღეს „ქართული ოცნება“ აღარაფერს დათმობს და როგორც ჩანს, საერთაშორისო პარტნიორებიც იმავე აზრზე არიან, რომ არ არსებობს რესურსი რიგგარშე არჩევნების იმ არგუმენტით მოთხოვნის, რომ არჩევნები იმ დოზით გაყალბდა, რომ ეს ამ მოთხოვნის დაყენების საშუალებას იძლეოდეს. ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელსაც მოსახლეობის 25%-მა მისცა დაკვეთა - არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“, პირველ რიგში თავისი პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიეროს და შევიდეს პარლამენტში. ოპოზიციის ამ ნაწილს სწორედ პარლამენტიდან შეუძლია ყველაზე დიდი დისკომფორტი შეუქმნას ხელისუფლებას.

ოპოზიცია იძახდა - ახლა ჩამოვლენ ევროპარლამენტის წარმომადგენლები და ნახეთ, რა დღეში ჩავაგდებთ „ქართულ ოცნებას“. ფაქტობრივად უნდოდათ, რომ ხელი მოეკიდათ ევროპარლამენტარებს, შეეყვანათ და თანამდებობები ჩამოერიგებინათ. ოპოზიცია თვითონ რასაც ვერ აკეთებს, უნდა საერთაშორისო პარტნიორების ხარჯზე გააკეთოს. ასე არ ხდება. ამის იმედი ფუჭად აქვთ, ეს სცენარი ვერ იმუშავებს, რადგან ევროპული მენატლობისთვის გაუგებარია არჩევნების შედეგების ბოიკოტი, როდესაც თვალნათლივ არგუმენტები არ დევს, რა, სად, როდის გაყალბდა და ამის ფაქტობრივი მასალა არ არსებობს“, - განაცხადა კობერიძემ.

გარდა ამისა, კობერიძე ადასტურებს, რომ „ლელოდან“ მისი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ პარლამენტში შესვლას მხარს უჭერდა.

„ჩემი არგუმენტი იყო, რომ ადამიანებმა ხმა იმიტომ მოგვცეს, რომ პარლამეტში შევსულიყავით“,- განაცხადა კობერიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს