საია - პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნა გაზრდილია - სასამართლოს გადაწყვეტილებები ნაკლებად არის დასაბუთებული, ხშირ შემთხვევაში, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და შაბლონურია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) სისხლის სამართლის პროცესების ოთხწლიანი მონიტორინგის შედეგების თაობაზე პრეზენტაცია გამართა.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა აღნიშნა, წლებია, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დაკავების კანონიერებაზე სათანადო კონტროლის არარსებობა, რაც საია-ს შეფასებით, კანონმდებლობის ხარვეზით არის გამოწვეული.

„პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნა გაზრდილია. საგულისხმოა ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები ნაკლებად არის დასაბუთებული. ხშირ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და შაბლონურია. ასევე, როცა საქმის გადახედვა ხდება, ესეც ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებს და უმეტესწილად იგივე გადაწყვეტილებები ძალაში რჩება. ასევე საგულისხმოა, რომ პატიმრობისა და გირაოს გარდა, იშვიადად ხდება სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება",-განაცხადა სიმონიშვილმა.

საია-ს ანგარიშში ასევე საუბარია პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენების მზარდ მაჩვენებელზე. როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განმარტავენ, სისხლის სამართლის სხდომების გაჭიანურება ასევე ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია.

„მონიტორინგი გვიჩვენებს, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადები ჭიანურდება და არაგონივრულად დიდ ვადაში განიხილება საქმეები მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსიდან გამომდინარე, შესაძლოა, ხანგრძლივი ვადა საჭირო არც კი იყოს საჭირო. ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად დადებითად გამოიკვეთა ის, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ იმატა“,-განაცხადა სიმონიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო