ვახტანგ ძაბირაძე - IRI-ის კვლევები სანდოა და კარგი იქნება თუ პოლიტიკური სპექტრი გადაბრალებას არ დაიწყებს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი როგორ მოიქცეოდა

IRI-ის კვლევების შედეგები ზუსტად ასახავს მოსახლეობაში არსებულ განწყობებს - კარგი იქნება თუ პოლიტიკური სპექტრი ამას რეალურად შეაფასებს და რეალურად დაინახავს რა სჭირდება საზოგადოებას, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობის განწყობები არჩევნებამდეც იგივე იყო და არ შეცვლილა.

“ვფიქრობ, რომ IRI-ის კვლევები საკმაოდ სანდოა და ძალიან კარგი იქნება თუ პოლიტიკური სპექტრი შეხედავს ამას და გადაბრალებას კი არ დაიწყებს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი როგორ მოიქცეოდა და რას გაკეთებდა, არამედ იმაზე იფიქრებს თუ მათდამი დამოკიდებულება როგორ არის შეცვლილი, ან როგორ უყურებს საზოგადოება ამ ვითარებას. ის, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, ამაზე იმავეს ფიქრობს და იმავეს მოუწოდებს ყველა ჩვენი პარტნიორი და ეს ასეა. ის, რომ “ქართულ ოცნებას” 35% მისცემდა ხმას და “ნაციონალურ მოძრაობას” -18% - ეს დაახლოებით იგივე სიტუაციაა, რაც იყო ხოლმე არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე. განწყობები დაახლოებით იგივე იყო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კი არჩევნები იდეალურად არ ჩატარებულა, მაგრამ არც ისეთი მასობრივი გაყალბება ყოფილა, როგორც ამას ბოიკოტის მომხრე პოლიტიკური ძალები ასახელებენ. ის, რომ “ქართულ ოცნებას” ჰყავს ამომრჩეველი, რომელიც მას არასდროს არ მისცემდა ხმას - ეს გასაგებია, ეს ის ამომრჩეველია, რომელიც ამ დაპირისპირებაში ცალსახად “ნაციონალური მოძრაობის” მხარეს არის და ეს ისევეა, როგორც “ნაციონალურ მოძრაობას” არ მისცემდა ხმას ძალიან ბევრი არც ერთ შემთხვევაში. ასე, რომ ზოგადი სურათი, რაც წარმოადგინა IRI-მ საკმაოდ სანდოა და კარგი იქნება თუ პოლიტიკური სპექტრი ამას რეალურად მაინც შეაფასებს და რეალურად დაინახავს რა სჭირდება საზოგადოებას, რა უნდა და რისკენ მიისწრაფვის და იმის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდეგი მოქმედებების შესახებ. ახლა, არავის არ უნდა რიგგარეშე არჩვენები და ესეც ფაქტია. კი მომხრეების და მოწინააღმდეგეების რაოდენობა პროცენტულად ერთი და იგივეა, მაგრამ აქაც როგორც ერთი, ასევე მეორე აზრის მხარდამჭერი უბრალოდ თვლის არა იმას, რომ აუცილებელია და მას ეს ძალიან აინტერესებს, არამედ ის ფიქრობს, რომ ეს შეიძლება იყოს ამ კინკლაობის თუ დაპირისპირების მოგვარების გზა და ამიტომ, დაპირისპირებას ურჩევნია, რომ ჩატარდეს, ჯანდაბას მათი თავი - აი ასეთი განწყობა უფროა ქვეყანაში იმათი, ვინც მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებს, ვიდრე ის, რომ არჩევნები გაყალბდა და ამიტომ უნდა ჩატარდეს”, - განაცხადა ძაბირაძემ.

ამასთან, პოლიტოლოგის შეფასებით, გიორგი გახარიას პარტიიდან წასვლის ფაქტორი, თუ ის აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში, გავლენას იქონიებს “ქართული ოცნების” და მცირე პარტიების კონსოლიდირებულ ელექტორატზე.

“ეს გამოკვლევები მე როგორც ვიცი იმ დროს ჩატარდა, როცა გიორგი გახარია ჯერ კიდევ პრემიერი იყო. კი გახარიას თავისი პოლიტიკური კაპიტალი ჰქონდა და აქვს, როდესაც ასეთი ფიგურები მიდიან პარტიიდან, რა თქმა უნდა, ეს პარტიაზე ცუდად მოქმედებს, მაგრამ გააჩნია რა გაგრძელება ექნება მათ პოლიტიკურ საქმიანობას. თუ გიორგი გახარია შექმნის თავის პოლიტიკურ ძალას და აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში ეს, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს “ქართული ოცნების” დღევანდელ კონსოლიდირებულ ელექტორატზე და იმ ელექტორატზე, რომელიც მცირე პარტიებს უჭერდა მხარს. რა მასშტაბის იქნება ეს გავლენა ახლა რთულია ამის თქმა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული”, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ცნობისთვის, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)” გამოკითხული მოქალაქეების 60% ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას მხარს არ უჭერს. გამოკითხულთა 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% - წინააღმდეგია. ასევე, კვლევის თანახმად, კითხვაზე, „რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს", გამოკითხულთა 35% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 18% ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“ მისცემდა, 3%-მა „ევროპული საქართველო“ დაასახელა, 3%-მა კი - „სტრატეგია აღმაშენებელი“.

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას, 89%-ს, კათოლიკოს-პატრიარქი მოსწონს, მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც გამოკითხულთა 65%-ს მოსწონს, მესამეზე - კახა კალაძე 54%-ით.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა