გიორგი ვაშაძე - ჩვენი ბოიკოტის მიზანია, ის შიმშილი და გაჭირვება, რომელიც ქვეყანაშია, დავამარცხოთ და ვერ დავამარცხებთ თუ ხელისუფლებაში მყოფი ძალა არ იგრძნობს ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე

მე თითოეულ მოქალაქეს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი ბოიკოტის მიზანი არის, ის შიმშილი და გაჭირვება, რომელიც არის დღეს ქვეყანაში, რამენაირად დავამარცხოთ და ვერ დავამარცხებთ ვერასდროს, თუ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა არ იგრძნობს ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ IRI-ის კვლევების შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, კვლევებში ასახული საზოგადოების განწყობები აბსოლუტურად ბუნებრივია.

„ბოიკოტი არ არის ოპოზიციის თვითმიზანი და ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის. ჩვენი საერთო მიზანი არის ის, რომ გავასწოროთ ქვეყნის განვითარების პროცესი. იგივე კვლევაში შეგიძლიათ ნახოთ რა უკიდურესად მძიმედ აფასებს ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობას ხალხი. სწორედ ამის გასაუმჯობესებლად გვინდა მივაღწიოთ, რომ ქვეყანაში იყოს სამართლიანი, ნორმალური არჩევნები, ამიტომ ვართ მოლაპარაკებებში და ვართ მზად შეთანხმებისთვის, რომ დავიწყოთ რაღაც ახალი ეტაპი ქვეყნის განვითარების - ერთის მხრივ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ ქვეყანაში, მეორე მხრივ შევთანხმდეთ ნორმალურ საარჩევნო სისტემაზე და ვიზრუნოთ ხალხის გაჭირვებაზე, შიმშილზე, რომელიც ნომერ პირველი პრობლემა არის ქვეყანაში.

აბსოლუტურად ბუნებრივი განწყობილებაა საზოგადოების. ამიტომ ვართ მოლაპარაკებებში და ამიტომ ვართ მზად შეთანხმებისთვის. მე თითოეულ მოქალაქეს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი ბოიკოტის მიზანი არის, ის შიმშილი და გაჭირვება, რომელიც არის დღეს ქვეყანაში რამენაირად დავამარცხოთ და ვერ დავამარცხებთ ვერასდროს თუ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა არ იგრძნობს ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ახალი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც პარტიების რეიტინგებზეცაა საუბარი. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 27% „ქართულ ოცნებას“ ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა, 26% კი „ნაციონალურ მოძრაობას“. ხოლო რაც შეეხება მომავალ კვირას, რომ არჩევნები იყოს, როგორი იქნებოდა ამომრჩეველთა მხარდაჭერა, გამოკითხულთა 35% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 18% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“, 3%-მა „ევროპული საქართველო“ დაასახელა, 3%-მა კი - „სტრატეგია აღმაშენებელი“. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53%-მა განაცხადა, რომ გარკვეულწილად ენდობა პოლიტიკურ პარტიებს. 5% სრულად ენდობა, 10% კი არ ენდობა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს