ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოში ირანის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ირანის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, აქბარ ყასემი ალიაბადისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ახალ ელჩთან თანამშრომლობა, ისევე როგორც მის წინამორბედთან, წარმატებული იქნება და კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის მეგობრობას.

„შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში რელიგიური პოლიტიკის და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის, ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების, ინტერ-რელიგიური სათათბიროს ფორმატის ჩამოყალიბების, რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე გამოწვევებზე.

სააგენტოს თავმჯდომარემ, ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ისლამის ფენომენზე და განსხვავებულ ხასიათზე, რომელიც, მსოფლიოში არსებული დაპირისპირებების ფონზე, შიიტებისა და სუნიტების მშვიდობიანი თანაცხოვრების დადებით გამოცდილებად აღიქმება.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოში ირანის ელჩმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს მიღებისათვის და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ირანს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს