რუმინეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

რუმინეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა რეზვან როტუნდუმ საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, რის შემდეგაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა მიულოცა რუმინელ დიპლომატს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა და საქართველოში მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს. განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ამ კონტექსტში, მხარეები მიესალმნენ ორივე ქვეყნის მზაობას პარტნიორობის სტრატეგიულ ჭრილში გადაყვანის თაობაზე.

საუბარი შეეხო საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომლის გაძლიერებაზე პოსტ-პანდემიურ პერიოდშიც გამახვილდება ყურადღება. ამ კონტექსტში, შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების მიზნით, ხაზი გაესვა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობას და ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების აუცილებლობას.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. ხაზი გაესვა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს და საქართველოს მოლოდინებს. საუბარი შეეხო ნატო-ს ფარგლებში შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის აუცილებლობას, რეგიონში არსებულ გამოწვევებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტიურ ინტერაქციას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ელჩმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. რუმინელმა დიპლომატმა გამოხატა მზაობა ახალ პოსტზე საქმიანობისას, ორ მეგობარ ქვეყანას - საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისა და ხელშეწყობის თაობაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა