ირაკლი კობახიძე - მედიაცია ყველა შემთხვევაში საჭირო იქნება, თუ გარკვეული დოკუმენტის გარშემო შეთანხმება გვინდა

დიალოგის პროცესთან მიმართებით, დაველოდებით, რა იქნება საერთაშორისო პარტნიორების შემოთავაზება და ამ შემოთავაზების მიხედვით ვიმოქმედებთ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესში მედიაცია ყველა შემთხვევაში საჭირო იქნება იმისთვის, რომ მხარეები გარკვეული დოკუმენტის გარშემო შეთანხმდნენ.

„უახლოეს მომავალში, ალბათ, განახლდება ეს პროცესები და ჩვენ, ბუნებრივია, დაველოდებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას. ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად კონსტრუქციული მიდგომა დიალოგის პროცესთან მიმართებით, დაველოდებით, რა იქნება საერთაშორისო პარტნიორების შემოთავაზება და ამ შემოთავაზების მიხედვით ვიმოქმედებთ. ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად საღი, ჯანსაღი და კონსტრუქციული დამოკიდებულება პროცესის მიმართ.

მე ვფიქრობ, მედიაცია იქნება ყველა შემთხვევაში საჭირო, თუ ჩვენ გვინდა შეთანხმება გარკვეული დოკუმენტის გარშემო. თუ იქნება მედიატორი კვლავაც კრისტიან დანიელსონი, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, თუ სხვა გადაწყვეტილება მიიღება ევროკავშირის მხრიდან, ბუნებრივია, ეს არის ევროკავშირის გადასაწყვეტი. ჩვენ, ყველა შემთხვევაში, გვექნება კონსტრუქციული დამოკიდებულება პროცესის მიმართ. ამის პირობა ჩვენ შეგვიძლია დავდოთ როგორც საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, ასევე, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოების წინაშეც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა