სავაჭრო პალატის "ბიზნეს კვლევების სახლი" 2021 წლის ბიზსნეს მოლოდინზე კვლევას აქვეყნებს

სავაჭრო პალატის ,,ბიზნეს კვლევების სახლმა“ ახალ კვლევაზე ,,საქართველო-მიმოხილვა და ბიზნეს მოლოდინები 2021’’ მუშაობა დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო პალატიდან აცნობეს, კვლევის პერიოდში გამოიკითხა ბიზნეს სექტორი, უცხოელი ინვესტორები და ფინანსური ინსტიტუტები.

მათივე ინფორმაციით, ,,ბიზნეს კვლევების სახლი“ ყოველწლიურად გააკეთებს ანალოგიურ კვლევას ბიზნეს მოლოდინების შეფასების მიზნით.

„კვლევის ფარგლებში შესაძლებელია გაეცნოთ ნათია თურნავას, კარლ ჰარცელი, დავით სონღულაშვილის, კატარინა ჰანსენის (EBRD) და შეინ როზენტალის ((ADB) პოზიციებს. მათ შორის: 2021 წლის გეგმებს, მოლოდინებს, პროგნოზებს, დაგეგმილ პროექტებს, ბიზნესის/ინვესტიციების მხარდამჭერ პროექტებს, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.

კვლევის ძირითადი მიგნებები: 2021 წლისთვის საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკის ზრდას 3.5% - 4.5%-ის ფარგლებში პროგნოზირებენ. მათ შორის, მშპ-ს ზრდის ყველაზე პოზიტიური მოლოდინი აქვს აზიის განვითარების ბანკს. აღნიშნული თანხვედრაშია ადგილობრივი ეკონომისტების მოლოდინებთან, რომელთა უმეტესობა 2021 წელს მშპ-ს ზრდას 3-5%-ის ფარგლებში ელოდება. ეკონომისტთა უმეტესობის მოლოდინებით, შემდეგი 5 წლის მანძილზე ეკონომიკის საშუალო ზრდა ასევე 3-5%-ის ფარგლებში იქნება.

სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, 2021 წლისთვის მიმდინარე ხარჯები შეადგენს მშპ-ს 25.1%. მიმდინარე ხარჯებზე გავლენას ახდენს საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასის ზრდა, პენსიის ინდექსირებით ზრდა, მოსახლეობის სოციალური დაცვა და ეკონომიკის მხარდამჭერი ღონისძიებები.

2021 წელს სახელმწიფოს კაპიტალური ხარჯების წილი მშპ-სთან მიმართებაში 7.9 %-ს შეადგენს. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის ხარჯების პროგნოზის თანახმად 2021-2024 წლებში 10 უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის ბიუჯეტი გაუტოლდება 5.9 მლრდ ლარს.

ანტიკრიზისული გეგმისთვის ბიუჯეტით ასევე გამოყოფილია 1.4 მლრდ ლარი, საიდანაც ბიზნესის ხელშეწყობისთვის გამოყოფილი 430 მლნ ლარი.

2021 წლის ბოლოსათვის მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით 60.1%-ს შეადგენს. 2024 წლისთვის იგეგმება აღნიშნული მაჩვენებლის 58.6%-მდე შემცირება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კვლევის მიხედვით 2020 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა უპრეცედენტო იყო - საქართველოს მთავრობისთვის IFI-ების მხარდაჭერის მზადყოფნამ ჯამურად 3 მლრდ დოლარს გადააჭარბა, საიდანაც 1.1 მლრდ დოლარი უკვე გამოიყო 2020 წელს. გარდა ამისა, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა 700 მლნ დოლარის ღირებულების ლიკვიდობა მიაწოდეს ქართულ კომპანიებს, ძირითადად ქართულ ბანკებს. 2020 წელს მხარდაჭერის მთავარი სფეროები იყო პანდემიასთან დაკავშირებული მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში.

„2020 წლის უპრეცედენტო მხარდაჭერა დასტურდება წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ღონისძიებებითაც. მაგალითად, EBRD-მა ხელი მოაწერა ჯამურად 750 მლნ დოლარის ღირებულების პროექტებს, რაც ორჯერ აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს, ხოლო ADB-ს მიერ მხარდაჭერილი პროექტების ღირებულებამ 700 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა.

რაც შეეხება საგრანტო მხარდაჭერას, მოცემულ მომენტში საქართველოში მიმდინარეობს 150-ზე მეტი პროექტი, რომელიც ფინანსდება საქართველოს პარტნიორი მთავრობების მიერ, მიმდინარე პროექტების ბიუჯეტი ჯამურად შეადგენს 888.9 მილიონ დოლარს.

ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია და ყოველწლიურად საქართველოს ტექნიკური და ფინანსური დახმარების სახით 100 მლნ ევროზე მეტ თანხას გამოყოფს.

ამერიკის შეერთებული შტატების პროექტების დიდი უმრავლესობა ხორციელდება USAID-ის ჩართულობითა და მონაწილეობით. USAID საქართველოში მუშაობს 1992 წლიდან. ამ დროიდან ამერიკის მთავრობამ USAID-ის საშუალებით 1,8 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს.

კლევის მიხედვით პანდემია ყველაზე მტკივნეულად შეეხო სტუმარ-მასპინძლობის სექტორს. 2020 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა შემცირდა 80%-ით, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 83%-ით.

გამოკითხულ სასტუმროთა უმეტესობას პანდემიიდან გამომდინარე მოუწია სასტუმროს დროებითი დახურვა, ხოლო დანარჩენი ნაწილი რეგიონებში კონცენტრირდა შიდა ტურიზმზე და თბილისში არსებული სასტუმროების უმეტესობა გადაკეთდა „კოვიდ სასტუმროდ“.

რაც შეეხება 2021 წელს ტურისტების რაოდენობას 2019 წელთან შედარებით, გამოკითხულ სასტუმროთა ყველაზე დიდ ნაწილს (37%) სჯერა, რომ წელს შესაძლოა ტურიზმი 2019 წლის დონის 0-30% ფარგლებში იყოს, თუმცა 2019 წლის ტურისტების ნახევარს ან მეტს ჯამურად რესპოდენტების 44% ელოდება“,-აღნიშნავენ სავაჭრო პალატაში.

რაც შეეხება სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მთავარ გამოწვევებს 2021 წელს, როგორც „სავაჭრო პალატაშია“ აღნიშნული, სასტუმროებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ერთის მხრივ საბანკო ვალდებულებების მომსახურება, ხოლო მეორეს მხრივ ტურისტების მოზიდვა.

„2021 წლისთვის საქართველოს ბიზნეს სექტორის წამყვანი კომპანიების მოლოდინები შემდეგნაირად ნაწილდება: კომპანიების 22% თვლის, რომ ეკონომიკის მდგომარეობა გაუმჯობესდება, ხოლო 44%-ის აზრით თითქმის უცვლელი დარჩება, დარჩენილი ნაწილი კი ეკონომიკის გაუარესებას მოელის. გამოკითხულთა უმეტესობას აქვს მოლოდინი, რომ 2022 წელს ეკონომიკა პანდემიამდე არსებულ დონეს მიაღწევს.

გამოკითხული მსხვილი კომპანიების 78% 2021 წელს აპირებს ინვესტირებას, თუმცა უმეტესი მათგანი აქვე აღნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით ტემპი ნაკლები იქნება. ასევე, გამოკითხულთა 44% აპირებს შემდეგი ხუთი წლის მანძილზე ინვესტიციების ზრდას 2015-2020 წლის დონესთან შედარებით.

წინასწარი პროგნოზით 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მსოფლიოში შემცირდა. საქართველოს წამყვანი უცხოური ინვესტორი კომპანიებიდან, რომლებიც კვლევაში მონაწილეობდნენ, 2021-2025 წლების პერიოდში ისინი კვლავ აპირებენ ინვესტირებას. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უმეტესად მცირე და საშუალო სიდიდის საინვესტიციო პროექტებში განხორციელდება ($30 მლნ-მდე; $30-70 მლნ) ძირითადად ტურიზმის, უძრავი ქონების და წარმოების სექტორებში“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს