კახა კალაძე - სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ვაშლიჯვრის მეწყრის გამო მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს - მათ ნამუსზე იყოს, ვინც ამ განცხადებას ავრცელებდა

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ვაშლიჯვრის მეწყრის გამო მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველი შემთხვევისთვის, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შემუშავებულია საევაკუაციო გეგმა.

„ეს, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის, თუმცა, რაღაც თუ მოხდება გადაუდებელი აუცილებლობა, ეს გეგმაც არსებობს. ვიმეორებ, მოსახლეობის ევაკუაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. თუ საფრთხე იქნებოდა, პირველები ჩვენ ვიქნებოდით, ვინც ამას გააკეთებდა და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა. აქაც ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაციები, პანიკის დათესვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ აუცილებელია თითქოს მოსახლეობის ევაკუაცია. ეს მათ ნამუსზე იყოს, ვინც ამ განცხადებას ავრცელებდა. ამასთან, ჩვენ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისთვის შევისყიდეთ კვლევა პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების მომსახურება, რომელსაც კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი გვაწვდის“,- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რაც ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ჩატარდა.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, უპირველესად ფერდობის მიმდებარედ ორმხრივად შეწყდა მოძრაობა და მეწყრული ზონის 24-საათიანი მონიტორინგი დაიწყო.

„სამწუხაროდ, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, ვინც მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია და დათესოს პანიკა. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, არ დაუჯეროთ არავის. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან და ვცდილობთ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე.ვსაუბრობთ ფერდზე, სადაც რამდენიმე ათეული წელია ეს პრობლემა არსებობს.

რაც გაკეთდა ამ პრობლემასთან დაკავშირებით ისაა, რომ შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, პრობლემის მოგვარებაში ჩაერთნენ გერმანელი ექსპერტები. ამ ჯგუფში შედიან სხვადასხვა სპეციალისტები, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე სამხარაულის ექსპერტიზიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან. მინდა ყველა ადამიანს, ვინც ამ ჯგუფში მონაწილეობს, მადლობა გადავუხადო. გერმანელი სპეციალისტების ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

როდესაც დავინახეთ საფრთხე, პირველი რაც გაკეთდა, გადავკეტეთ გზა, შეიზღუდა მოძრაობა ორმხრივად იმისთვის, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო. მოსახლეობის უსაფრთოების მიზნით ოპერატიულად დავიწყეთ მეწყრული ზონის 24-საათიანი მონიტორინგი, რათა დეფორმაციის ხასიათსა და დინამიკაზე დაკვირვება გვეწარმოებინა. გასულ კვირას უკვე დავამონტაჟეთ მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც უფრო ზუსტი დაკვირვების და მონაცემების შეგროვების შესაძლებლობას იძლევა“,- განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს