შალვა პაპუაშვილი - არ მგონია, გიორგი გახარიას პოლიტიკურმა გააქტიურებამ არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში რაიმე ბზარი შეიტანოს და დიდი გავლენა მოახდინოს

არ მგონია, გიორგი გახარიას პოლიტიკურმა გააქტიურებამ არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში რაიმე ბზარი შეიტანოს და დიდი გავლენა მოახდინოს, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, თუკი გიორგი გახარია პოლიტიკურ პარტიას შექმნის, ის „ქართული ოცნებისგან" დისტანცირებული ოპოზიციური გაერთიანება იქნება.

„ჩემი შეფასებით, ვხედავ რა „ქართული ოცნების" გუნდს, ის არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც ისეთი ღირებულებები, ისეთი სტრუქტურა და ერთმანეთისადმი ისეთი დამოკიდებულება გააჩნია, რომ რთული იქნება, ვინმემ ისეთი ორგანიზაცია შექმნას, რომელიც „ქართულ ოცნებას" რეალურ კონკურენციას გაუწევს. ჩვენ იმიტომ ვართ ყოველთვის მშვიდად, რომ ვიცით რა არის ჩვენი ძალა და სად არის ჩვენი სიმართლე. ამიტომაც ნებისმიერი ორგანიზაციის შექმნას მშვიდად ვუყურებთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება გამოქვეყნებულ კვლევებში გახარიას მაღალი მოწონების რეიტინგს, პაპუაშვილის თქმით, გახარია „ქართული ოცნების" პრემიერი რომ არ ყოფილიყო, „მოწონების ასეთი მაღალი რეიტინგი არ ექნებოდა". პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ გამოქვეყნებული რეიტინგი პირდაპირ კავშირშია „ქართულ ოცნებასთან".

გიორგი გახარია „ქართული ოცნების" გუნდის წევრი იყო და ამ გუნდმა შექმნა ის, როგორც მინისტრი და როგორც პრემიერ-მინისტრი. პერსონალური მოწონების მაჩვენებელი ეს არის კეთილგანწყობის მაჩვენებელი. მაგალითად, ვიცით, რომ „ევროპული საქართველოდან“ დავით ბაქრაძეს ტრადიციულად მოწონების მაღალი მაჩვენებლი აქვს, რაც ქართულ საზოგადოებას დღემდე ვერ აუხსნია. როცა გიორგი გახარია ჩვენს გუნდში იყო, ვიცით, რომ საზოგადოება მის მიმათ საკმაოდ სიმპატიით იყო გაწყობილი. რაც შეეხება მის შესაძლო პოლიტიკური გუნდის პოლიტიკურ რეიტინგს, ამას სამომავლო პოლიტიკური რეიტინგები გვაჩვენებს. თუკი ის პოლიტიკურად აქტიური იქნება და პოლიტიკურ გაერთიანებას შექმნის, შეიძლება არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და საბოლოოდ, ყველას რეიტინგი არჩევნებში დაითვლება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა