დავით ზალკალიანი - მაქსიმალურად მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას, რომ გაიხსნას დაბლოკილი გადასასვლელი პუნქტები

მაქსიმალურად მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას იმისათვის, რომ აუცილებლად გაიხსნას დაბლოკილი გადასასვლელი პუნქტები და ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა მიიღონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელ ტოივო კლაარისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებთან მიმართებაში. ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დღევანდელ ტრაგიკულ შემთხვევაზე, როდესაც მდინარე ენგურის გადმოკვეთისას საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ.

„ეს არის რუსეთის ფედერაციის მიმდინარე უკანონო ოკუპაციის შედეგი. სწორედ ის ფაქტი, რომ გადასასვლელი პუნქტები დაკეტილია, იწვევს ასეთ კატასტროფას. ამიტომ, უახლოეს პერიოდში ყველა ეს შემთხვევა დეტალურად იქნება განხილული ყველა საერთაშორისო ფორმატში. ამ საკითხის აქტუალიზაციას ვგეგმავთ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე, ასევე, მომავალ კვირას ეუთო-ში დაგეგმილ განხილვებზე. მაქსიმალურად მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას იმისათვის, რომ აუცილებლად გაიხსნას დაბლოკილი გადასასვლელი პუნქტები და ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა მიიღონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ოკუპირებული ტერიტორიის მეორე მხარეს მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს. ამიტომ, მე ვთხოვე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით გააძლიეროს ძალისხმევა ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში ყევლა აქტორთან, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში. სწორედ ის არის პასუხისმგებელი დღევანდელ ტრაგიკულ შემთხვევაზე. გაძლიერდეს ზეწოლა იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა გადასვლელი პუნქტი და ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების უფლება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 3 მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს კიდევ ერთი ადამიანის ძებნის სამუშაობი. უწყების განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო:

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით