შალვა პაპუაშვილი - ფინანსური დახმარების შეწყვეტის საფრთხე არ არის, რადგან კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ასახავს, ვენეციის კომისია ნახავს მას და თავადაც დარწმუნდება

ფინანსური დახმარების შეწყვეტის საფრთხე არ არის, რადგან კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ასახავს, ვენეციის კომისია ნახავს მას და თავადაც დარწმუნდება,- ასე ეხმიანება „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ევროკავშირის კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი.

მისი თქმით, ევროკავშირი, რომელმაც მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, კანონშემოქმედებაში ჩართული არ ყოფილა და ის კანონებს არ ეცნობა. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები სრულად ასახავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და მას ვენეციის კომისიას გაუგზავნიან, რის შემდეგაც ისინი თავად დარწმუნდებიან ამაში, რომ რეკომენდაციები მიღებულ კანონში სრულად არის ასახული.

რაც შეეხება მის დაჩქარებულ მიღებას, პაპუაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკვე მიმდინარეობს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი და სწორედ ამიტომ მოხდა მისი დაჩქარებით მიღება, რათა პროცესი ცხადი იყოს თავიდანვე ახალი აპლიკანტებისთვის, რომლებსაც ახლა, ერთი კვირის განმავლობაში შეუძლიათ შეიტანონ განცხადება და მონაწილეობა მიიღონ კონკურსში.

„ყველა ეს ცვლილება ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზეა განხორციელებული, ჩვენ კომუნიკაცია გვექნება ვენეციის კომისიასთან, გადავაგზავნით ამ კანონს, რომ მათ ნახონ და გაეცნონ. რაც შეეხება განცხადებას, ის გამომდინარეობს იქიდან, რომ ვენეციის კომისია შინაარსობრივად არ არის გაცნობილი საბოლოო ვარიანტს, რომელიც იქნა მიღებული კანონის სახით. თუმცა, თუ თქვენ გახსოვთ პროცესი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იხილავდა ამ საკითხს მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით და იქ შინაარსობრივი რაიმე შენიშვნა არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ ის რეგულაციები ბოლომდე არ ასახავს ვენეციის კომისიის დასკვნას. პირიქით, ჩვენი სურვილი სწორედ ეს იყო, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა აგვესახა და ასე მოხდა კიდეც. თავისთავად, ევროკავშირი კანონშემოქმედებაში ასე ჩართული არ იყო, თავად ევროკავშირი კანონებს და კანონპროექტებს არ ეცნობა, ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს ინსტიტუტი, რომელიც თავისი ავტორიტეტიდან გამომდინარე იმსახურებს ნდობას სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან, ამ შემთხვევაში ევროკავშირის მხრიდანაც. აქ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ გადახედოს და თქვას, რომ ნამდვილად ასახულია ეს რეკომენდაციები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ნაბილა მასრალი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დახვეწა საქართველოსთვის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა