პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნა

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

“ორი წლის წინ ეს რეგულაციები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო სტანდარტის მიხედვით შევიმუშავეთ. ახლა კი, პარლამენტმა ის ცვლილებები მიიღო, რომელშიც აისახა ვენეციის კომისიის სამი დამატებითი რეკომენდაცია. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან კანონის ახალი რეგულაციების თანხვედრა მარტივად დასადგენია, ჩვენი პარტნიორების მოწოდება გავითვალისწინეთ და კანონი საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას უკვე გადავუგზავნეთ”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით სოციალურ ქსელშიც წერს და როგორც აცხადებს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი, მათ შორის ადგენს „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა ღია და გამჭვირვალე წესს, რომელიც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო სტანდარტს შეესაბამება და რიგ შემთხვევაში უფრო ამომწურავადაც არეგულირებს ამ მნიშვნელოვან პროცესს“.

„ამასთან, ერთი კვირის წინ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ორგანულ კანონში, რომელშიც აისახა ვენეციის კომისიის სამი დამატებითი რეკომენდაცია პროცედურასთან დაკავშირებით: 1. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, პროცედურა უნდა ყოფილიყო სრულად ღია და საჯარო. ეს რეკომენდაცია სრულად აისახა ორგანულ კანონში. კერძოდ, ახალი ნორმების თანახმად, მყისიერად გამოქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის ყველა შეფასება და გადაწყვეტილება თითოეულ კანდიდატთან მიმართებით, საბჭოს შესაბამისი წევრების ვინაობის მითითებით; 2. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, კანდიდატებს უნდა მინიჭებოდათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ორჯერ გასაჩივრების შესაძლებლობა. ახალი ნორმების თანახმად, კანდიდატმა განმეორებით შეიძლება გაასაჩივროს როგორც საბჭოს წევრების მიერ დაწერილი ქულები, ისე საბოლოო გადაწყვეტილება წარდგენასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვენეციის კომისიის აღნიშნული რეკომენდაციაც ზედმიწევნით არის გათვალისწინებული; 3. ბოლოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ მკაცრად უნდა შეესატყვისებოდეს მის მიერ მიღებულ ქულებს. ორგანულ კანონში აღნიშნული რეკომენდაციაც სრულად აისახა.

კერძოდ, ახალი ნორმები პროცედურის ყველა ეტაპზე სრულად გამორიცხავს უპირატესობის მინიჭებას შედარებით დაბალქულიანი კანდიდატისთვის შედარებით მაღალქულიან კანდიდატთან მიმართებით. კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტის მიმართ არსებითი შენიშვნები არ გამოუთქვამთ,“- განაცხადა თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს