ნაზი ჯანეზაშვილი - საქართველოს პარლამენტმა შეიძლება ვენეციის კომისიის დასკვნა ნაწილობრივ გაითვალისწინოს, მაგრამ როგორც წესი, ითვალისწინებს „კლანის“ რეკომენდაციებსაც

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის ცვლილებებში გათვალისწინებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის „კლანის“ ინტერესები.

ნაზი ჯანეზაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ გამოეხმაურა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის ცვლილებებს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნა.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, პარლამენტი კომისიას კანონპროექტს დაგვიანებულად უგზავნის და საერთოდ გაუგებარია, ეს რისთვის კეთდება, ვინაიდან, „2019 წლის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინო 2019 წელს და არა, 2021 წელს“.

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე პროცესში იკვეთება ინტერესთან კონფლიქტი, ნეპოტიზმი და ისეთი სხვა პროცედურული პრობლემები, რომელზეც დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ ეუთო სწორად ასახავს თავის საბოლოო ანგარიშში, რომელიც დღეს, მოსამართლეთა შერჩევის პროცესს აკვირდება.

„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია არ ყოფილა ის, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი შუაზე გაჩეხეთ და პარალელურად იუსტიციის საბჭოს მიეცით საშუალება, რომ დამატებითი განაცხადები მიიღოსო. ამგვარი რეკომენდაცია არ ყოფილა, მაგრამ საქართველოს პარლამენტმა, გასულ კვირას, კანონში ასეთი ცვლილება შეიტანა, რომ შუაში გაიჩეხა მიმდინარე კონკურსი, რომელიც ოქტომბერში დაიწყო და უამრავი გასაუბრება უკვე ჩატარდა. ამ ეტაპზეც მიმდინარეობს განაცხადების მიღების პროცესი. ეს შესაძლებლობა პარლამენტმა თავისი კანონით თვითონ გააჩინა, ეს კომისიის დასკვნა არ ყოფილა. იმას ვამბობ, რომ საქართველოს პარლამენტის პრაქტიკა სასამართლოს საკითხთან მიმართებაში ასეთია - შეიძლება ნაწილობრივ გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის დასკვნა, მაგრამ როგორც წესი, ითვალისწინებს მიხეილ ჩინჩალაძის „კლანის“ რეკომენდაციებსაც. თუ ასე უნდა, რომ შედეგებს მიაღწიოს, რა თქმა ​უნდა, სასამართლო სისტემაში ამით პროგრესული პროცესები ვერ განვითარდება და ამით ვერ გამოიწვევს იმას, რომ უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდეს კარგი მოსამართლეებით“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა