ნათია თურნავა - მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიჯარეებისთვის 10 ჰა-ზე მეტი  სასოფლო მიწის გამოსყიდვის შეზღუდვა გაუქმდეს და გამოსასყიდ, „სახნავი" კატეგორიის მიწებს დაემატოს სათიბებიც

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამაში - სახელმწიფოს მიერ იჯარით გაცემულ „სახნავი" კატეგორიის მიწის ნაკვეთებს, რომელთა გამოსყიდვაც შეუძლიათ მეიჯარეებს, დაემატა „სათიბი" მიწების კატეგორიაც,- ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც მოიჯარეებისთვის მხოლოდ 10 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებდა.

„პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მეტი ქონება იყოს ჩართული ეკონომიკაში, ქმნიდეს დოვლათს და ასაქმებდეს ადამიანებს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ფართოვდება ის მექანიზმი, რომლითაც მოიჯარეები შეიძენენ და გამოისყიდიან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, რაზეც წლების განმავლობაში, იჯარის პროცესში აქვთ გაშენებული მრავალწლიანი ნარგავები, ამუშავებენ მიწებს, მაგრამ, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ეს არის სახელმწიფო საკუთრება და მხოლოდ იჯარის ხელშეკრულება აქვთ ხელთ, არ შეუძლიათ საბანკო დაფინანსების მოზიდვა, ასევე შეზღუდულები არიან, რომ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო პროგრამებში და შესაბამისად, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ ეს სიკეთე“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, მოიჯარეები შეძლებენ პირდაპირი გამოსყიდვის წესით, საბაზრო ფასად ნებისმიერი ზომის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეისყიდონ.

„აქამდე ეს 10 ჰექტრით იყო შეზღუდული და ასევე მნიშვნელოვანია, რომ გამოსასყიდ მიწებს ემატება გაიჯარებული სათიბებიც. ჯამში ეს არის 11 000 ჰექტარზე მეტი მიწა, რომელიც თავის კერძო მესაკუთრეს ნახავს და ეს არის 2 200-ზე მეტი გლეხი, ფერმერი, რომელიც არა უბრალოდ მოიჯარე იქნება, არამედ საკმაოდ სერიოზული ინვესტიციის ჩადებას შეძლებს მიწის აქტივში და ეს არის ათასობით დასაქმებული ადამიანი, შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან და მნიშვნელოვანი შენატანი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაში“,- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისივე განმარტებით, კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც პროგრამაში შევიდა, დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ვადასთან - კერძოდ, შესაძლებელი გახდა მოიჯარემ სახელმწიფოსგან გამოისყიდოს 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით იჯარით გაცემული სახნავი და სათიბი მიწის ნაკვეთები (აქამდე ეს უფლება ვრცელდებოდა მხოლოდ 2020 წლის 23 იანვრამდე იჯარით გაცემულ ნაკვეთებზე), რაც კიდევ უფრო გაზრდის დაინტერესებას და პროგრამის ეფექტიანობას.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული