ივანე ჩხაიძე - კორონავირუსის პანდემიამ სრულიად უცნაური რამ აჩვენა - მსოფლიოში და არამარტო საქართველოში გრიპი, რესპირაციული ინფექციები გაქრა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, მის კლინიკაში კორონავირუსის გადატანის შემდეგ, მულტისისტემური ანთებითი სინდრომით 61 ბავშვი იწვა, რომელთაგან 20% კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობდა.

როგორც ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ესენი იყვნენ პაციენტების სრულიად სპეციფიური კონტინგენტი, რომელთა მკურნალობასაც მინიმუმ 6 სხვადასხვა სპეციალობის ექიმის ერთდროული მონაწილეობა, ძალიან ძვირადღირებული კვლევები და მკურნალობა სჭირდებოდა.

ჩხაიძის თქმით, ამ სინდრომით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა საქართველოში არ დასრულებულა.

„მნიშვნელოვანი საკითხია, რა გამოაჩინა ზოგადად პანდემიამ. როგორც იცით, იაშვილის კლინიკა მულტიპროფილური საავადმყოფოა და ჩვენთან კორონავირუსიან პაციენტებს არ ვიღებთ, მაგრამ ვიღებთ სამაგიეროდ გაცილებით მძიმე ჯგუფს, კორონავირუსის გადატანის შემდეგ მძიმე გართულებით მიმდინარე პაციენტებს - მულტისისტემური ანთებითი სინდრომით, რომელსაც 100-ჯერ მეტი ლეტალობა აქვს, ვიდრე კორონავირუსს. ამ სინდრომით ბავშვების 90% ქვეყანაში არსებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების მოხვდა იაშვილის კლინიკაში. 61 ბავშვი იწვა ჩვენთან ამ სინდრომით, უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდათ და პაციენტების 20% კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობდა. ის აჟიოტაჟი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ იყო იმუნოგლობულინთან დაკავშირებით, სწორედ ამ პაციენტების მკურნალობას უკავშირდება. ასე რომ, ეს სრულიად ახალი სინდრომია. 2 ნოემბერს იყო ჩვენს კლინიკაში პირველად ეს დიაგნოზი დასმული და დღემდე 61 პაციენტი შემოვიდა. ძალიან მძიმე პაციენტებია, სრულიად სპეციფიური კონტინგენტი, მათ სჭირდებათ მინიმუმ 6 სხვადასხვა სპეციალობის ექიმის ერთდროული მონაწილეობა, ძალიან ძვირადღირებული კვლევები და მკურნალობა. საბედნიეროდ, საქართველოში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ამ სინდრომით გარდაცვალების. ჯერჯერობით წარმატებით ვუმკლავდებით ამ მართლაც სერიოზულ გართულებას“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ამასთან, ჩხაიძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიამ „სრულიად უცნაური რამ აჩვენა“, რადგან, მისივე შეფასებით, გრიპი გაქრა.

„პანდემიამ გვიჩვენა ერთი უცნაური ფაქტი, რომელიც სრულიად მოულოდნელი იყო. პრაქტიკულად მსოფლიოში და არამარტო საქართველოში, ნიღბებით, სკოლების და ბაღების ჩაკეტვით გავაქრეთ გრიპი, რესპირაციული ინფექციები. 10 დღის წინ დამთავრდა საქართველოში გრიპის სეზონი. ნოემბერ-მარტის პერიოდში გვაქვს სეზონი ჩვენი ქვეყნის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე.

საქართველოში გრიპის ორად ორი შემთხვევა დაფიქსირდა 5 თვის განმავლობაში. კვირაში იყო 15-20 შემთხვევა. გრიპი და მძიმე რესპირაციული ინფექციები პრაქტიკულად შესაძლებელია, რომ კონტროლს დაექვემდებაროს. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი მაჩვენებელი გრიპის ვაქცინაციის და ბევრი მშობელი თამამად იყენებს ვაქცინას და ყოველწლიურად ამ მშობლების რაოდენობა მატულობს“, - განაცხადა ჩხაიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ნიკოლოზ მეტრეველი - ჩინეთი აღარ იმალება და იცდის
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს