მთავრობის ადმინისტრაციასთან 3 არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 3 არასამთავრობო ორგანიზაციის - „ახალგაზრდა თაობა“, „ახალი ძალა საქართველოსთვის“ და „მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოებას“, წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთათვის დაწესებულ 5-დღიან კარანტინს აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე მავთულხლართები გაშალეს და ხელში ბანერები წარწერით ,,არა დისკრიმინაციას, არა უკანონო კარანტინს” და ,,ენგურს იქით საქართველოს” ეჭირათ.

აქტივისტებმა 5-დღიანი კარანტინის მოხსნის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის სახელზე ადმინისტრაციაში მიმართვა ჩააბარეს. მათი განცხადებით, ანალოგიური წერილის ინგლისურენოვანი ვერსია საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გაეგზავნებათ.

„მთავრობის ადმინისტრაციასთან შევიკრიბეთ სიმბოლური პერფორმანსით. მოვითხოვთ 322-ე დადგენილებაში გაუქმდეს ანტიკონსტიტუციური ჩანაწერი, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსული სრულუფლებიანი მოქალაქეები ვალდებულნი არიან გაიარაონ 5-დღიანი კარანტინი. მიმართვას ვაგზავნით პრემიერ-მინისტრის და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის სახელზე, რომ გადასინჯონ აღნიშნული ნორმა. ანალოგიური წერილის ინგლისურენოვანი ვერსია ეგზავნება ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საქართველოში და სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს”, - აღნიშნა ,,ახალგაზრდა თაობის” ლიდერმა დავით დონერიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა