დავით ბაქრაძე - უარს ვამბობ "ევროპული საქართველოს” თავმჯდომარეობაზე და პარტიის წევრობაზე, მაგრამ ვრჩები პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში

პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობიდან გადადგომისა და პარტიის დატოვების მიზეზებს განმარტავს.

როგორც ბაქრაძე სოციალურ ქსელში წერს, 2020 საპარლამენტო არჩევნებში “ევროპული საქართველოს” მიერ ნაჩვენები შედეგი ძალიან შორს იდგა სასურველისგან, რაც მკაფიო ნიშანია, რომ პარტია საჭიროებს ფუნდამენტურ სიახლეებს და რეფორმებს, მათ შორის, ლიდერების გუნდის მთლიან განახლებას.

„დღეს გაიმართება პარტია “ევროპული საქართველოს” ყრილობა, რომელზეც აირჩევენ პარტიის ახალ ხელმძღვანელობას. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო მიზეზი, რის გამოც არ ვესწრები ყრილობას, უარს ვამბობ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარეობაზე და პარტიის წევრობაზე.

მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან 2020 საპარლამენტო არჩევნების უხეში და დაუფარავი გაყალბებისა, “ევროპული საქართველოს” მიერ ნაჩვენები შედეგი ძალიან შორს იდგა სასურველისგან - წინა არჩევნებთან შედარებით მიღებული ხმების მნიშვნელოვანი კლება და დიდ ქალაქებში (პირველ რიგში, თბილისში) ნაჩვენები უკიდურესად ცუდი შედეგი მკაფიო ნიშანია, რომ პარტია საჭიროებს ფუნდამენტურ სიახლეებს და რეფორმებს, მათ შორის, ლიდერების გუნდის მთლიან განახლებას, ახალი სახეების წინ წამოწევას და სხვა პარტიებთან ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციებში ჩართვას. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, აღარ დავრჩენილიყავი თავმჯდომარის თანამდებობაზე და ამით გზა გამეხსნა პარტიაში ახალი ლიდერების დამკვიდრებისთვის. ანალოგიური პოზიცია აქვთ გიგი უგულავას და ლიდერების გუნდის მნიშვნელოვან ნაწილსაც. განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდა გიგა ბოკერიას, რომელმაც ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იყო მისი დარჩენა პარტიულ თანამდებობაზე. პატივს ვცემ გიგას აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს - დღეს ყრილობაზე წარდგენილი ლიდერების შემადგენლობით ძალიან რთული იქნება, პარტიამ მოახერხოს ამომრჩევლის და პოტენციური კოალიციური პარტნიორების დარწმუნება განახლებაში, ახალ ხედვებში და შესაბამისად, უკეთეს სამომავლო პერსპექტივაში.

სწორედ ამიტომ, რადგან არ ხდება პარტიის ფუნდამენტურად განახლება - რაშიც მზად ვიყავი, თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ, უკვე რიგითი წევრის სტატუსით დავხმარებოდი პარტიას - მივიღე გადაწყვეტილება, თავმჯდომარეობასთან ერთად უარი ვთქვა პარტიის წევრობაზეც.

ცხადია, ეს არის ადამიანურად ძალიან რთული გადაწყვეტილება - დამოუკიდებლად პოლიტიკური პროცესებისგან, “ევროპული საქართველო” ყოველთვის დარჩება ჩემთვის ძვირფასი და ღირებული ადამიანების გუნდად, ვისთან ერთადად ბევრი სირთულე გავიარეთ და ღირსეულად ვიბრძოლეთ. დღეს, კიდევ ერთხელ, მადლობას ვეუბნები ყველას - ლიდერებს, ოფისის თანამშრომლებს, რეგიონულ ორგანიზაციებს, საპარლამენტო გუნდს.

უკეთესი საქართველოსთვის ჩვენი საერთო ბრძოლა გრძელდება და, პარტიით თუ უპარტიოდ, ყველას ვუსურვებ წარმატებას.

რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებს, ამ ეტაპზე არ ვაპირებ რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას და “ევროპული საქართველოდან” წასვლის შემდეგ ვიღებ პარტიულ პაუზას. მაგრამ ვრჩები პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და პოლიტიკოსი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, ეკონომიკურად წელში გამართული, თავისუფალი, ერთიანი და ევროპული სახელმწიფო!“ - წერს დავით ბაქრაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს