ბადრი ჯაფარიძე - "ლელოს" პოზიციაში არანაირი ცვლილება არ არის

იქნება შეხვედრები და ყოველი შეხვედრის შემდგომ რაიმე გარღვევის მოლოდინი მოლაპარაკებების პროცესში არასწორია - ეს არის რთული პროცესი, მოითხოვს მოთმინებას, ძალისხმევას ყველას მხრიდან, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან და ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თუ "ქართული ოცნება" სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამოვა შეთანხმების მიღწევის რეალური საფუძველი, მაშინ გამოჩნდება.

"ჩვენ გვაქვს სამუშაო შეხვედრები ელჩებთან და ეს არის სამუშაო შეხვედრებიდან ერთ-ერთი შეხვედრა, სადაც ჩვენ განვიხილავთ შექმნილ ვითარებას ქვეყანაში და ეს არის ნორმალური, უკვე დამკვიდრებული პრაქტიკა. ყველა შეხვედრა ეძღვნება შექმნილი ვითარების განხილვას, კრიზისიდან გამოსვლის გზების განხილვას და ეს იყო მორიგი სამუშაო შეხვედრა. ჩვენ ინდივიდუალურად ვხვდებით და არ ვაკეთებთ კოორდინირებას ყოველთვის. ჩვენ მომავალშიც გვექნება ინდივიდუალური შეხვედრები. "ლელო" ხვდება ელჩებს როგორც მარტო, ასევე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად.

სამუშაო შეხვედრა არ ნიშნავს იმას, რომ ამ შეხვედრაზე რაიმე ახალი წინადადებები განიხილება. აქ განიხილება ვითარება, ვახდენთ ანალიზს შექმნილი სიტუაციის, ვეძებთ გამოსავლის გზებს, ამიტომ კიდევ იქნება შეხვედრები და ყოველი შეხვედრის შემდგომ რაიმე გარღვევის მოლოდინი მოლაპარაკებების პროცესში არასწორია და მე მინდა, რომ ეს მოლოდინი არ არსებობდეს იმიტომ, რომ ეს არის რთული პროცესი, მოითხოვს მოთმინებას, ძალისხმევას ყველას მხრიდან და რაც მთავარია და კარგი ამბავი არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა არის ყურადღების ცენტრში როგორც ევროკავშირის, ისე ამერიკის შეერთებული შტატების და ეს არის სწორედ იმ ოპტიმიზმის საფუძველი, რომლითაც ჩვენ განმსჭვალული ვართ, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ მივალთ პოლიტიკურ შეთანხმებამდე, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან.

"ლელოს" პოზიციაში არანაირი ცვლილება არ არის. ჩვენი პოზიცია არის იგივე, რაც იყო, რაც საჯაროდ გაცხადებული გვაქვს.

ჩვენი პესიმიზმი ეყრდნობოდა იმ სამწუხარო რეალობას, რომ "ქართული ოცნება" არ დაეთანხმა იმ სამ პუნქტსაც, რომელსაც დაეთანხმა ოპოზიცია, ჩვენი პესიმიზმი აქედან მომდინარეობდა. თუ "ქართული ოცნება" გადახედავს თავის მიდგომებს და ქვეყნის ინტერესებიდან გამოვა, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამოვა და ჩვენ ამას დავინახავთ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავინახავთ შეთანხმების მიღწევის რეალურ საფუძველს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, "ლელოს" ლიდერმა გავრცელებულ ინფორმაციაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ჩამოსვლა სწორედ იმ კრიზისს ეძღვნება, რომელშიც არის ქვეყანა.

"ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაცია უნდა ეწვიოს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან. კარგია, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან, რომელთა ჩამოსვლა სწორედ ეძღვნება ამ კრიზისს, რაშიც ქვეყანა იმყოფება, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ეს ჩამოსვლაც ხელს შეუწყობს კრიზისის გადაჭრის გზებზე შეთანხმებას", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, "ლელოს" ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს შეხვდნენ. მანამდე ოფისში იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო