არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „ნახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეებს, უხეშად და დაუსაბუთებლად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდათ

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (ყოფილი EMC)“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „მწვანე ალტერნატივამ“, სამართალდამცავების მიერ სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების კარვის დაშლასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გუშინ „ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეებს, უხეშად და დაუსაბუთებლად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდათ.

„უკანასკნელ დღეებში ხელისუფლების მიერ გატარებულმა საპოლიციო მოქმედებმა განსაკუთრებულად მძიმე და უფლებაშემლახავი ფორმები მიიღო, რაც დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყდეს და ხელისუფლების მოქმედებები დაუბრუნდეს ადამიანის უფლებების დაცვის ჩარჩოს.

11 აპრილს რიონის ხეობაში პოლიციამ დაშალა სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები, რომელიც პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის მიწაზე იდგა. პოლიციის ამ მოქმედებას, დილიდან თან ახლდა განსაკუთრებულად დიდი საპოლიციო ძალის მობილიზება და მოძრაობის სრულად შეზღუდვა ნამოხვანის მიმართულებით, მათ შორის კარვების მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული ქონდათ პროტესტის ლიდერებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამოხვანში კარვების დაშლის საფუძვლად სრულიად განსხვავებულ და წინააღმდეგობრივ ვერსიებს ასახელებდა. სამინისტრო ოფიციალური განცხადებით უთითებდა მდინარე რიონში წყლის დონის განსაკუთრებული მატებისა და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საფრთხეზე. თუმცა, ადგილზე სამინისტროს წარმომადგენლების მიერ კარვების დაშლის საფუძვლად სახელდებოდა მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ხელშეშლა, ასევე ადგილობრივების არასანდო ქცევა და შედეგად, რიონში თავის დახრჩობის რისკები.

მივიჩნევთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საკუთარი მოქმედებების დასაბუთება სრულიად არათანმიმდევრული და არადამაჯერებელია და მიზნად რიონის ხეობის მცველების მშვიდობიანი და კანონიერი პროტესტის ხელშეშლას ისახავს, რაც მძიმე, გაუმართლებელი და არაპროპორციული ჩარევაა შეკრების და გამოხატვის თავისუფლებაში. აღნიშნულზე ასევე მიუთითებს რიონის ხეობის მცველების მიერ პოლიციისადმი არაერთხელ გაჟღერებული მიმართვა, არსებული კარვების აღების სანაცვლოდ მიეცათ მათთვის უშუალოდ სოფელ ნამოხვანში, ალტერნატიულ ტერიტორიაზე კარვების გაშლის შესაძლებლობა, რაც სრულიად დაუსაბუთებლად უარყოფილი იქნა სამინისტროს მხრიდან. საბოლოოდ, პროტესტის მონაწილეები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სოფელ ნამოხვანში მათი პროტესტის ადგილი და გადასულიყვნენ სოფელ გუმათთან შეკრებილებთან. აღსანიშნავია, რომ 11 აპრილს გადაადგილების შეზღუდვა უშუალოდ ხეობის მცველების გარდა, შეეხოთ მედიის წარმომადგენლებსაც. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ და „კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის“ ეს შეზღუდვა გაუმართლებლად მიიჩნიეს.

ამასთან, კარვების დაშლის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია „ბანაკის ტერიტორიიდან ალკოჰოლური სასმელის ბოთლების ამოღების“ შესახებ, რაც პროტესტის მონაწილეების მიერ აღქმული იქნა მათი მოძრაობის დისკრედიტაციის მცდელობად. ამ ინფორმაციის სიზუსტესთან დაკავშირებულ ეჭვებს ამძაფრებს თავად დემონსტრანტთა ბანაკში დამკვიდრებული“,- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცველებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაუბრუნონ საკუთარი ქმედებები კანონის ჩარჩოებს და უზრუნველყონ რიონის ხეობის მცველების და მათი მხარდამჭერების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. მათ შორის, აღადგინოს გადაადგილების თავისუფლება. აქციის მონაწილეებს სოფელ ნამოხვანში შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა მიეცეთ.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას: გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა რაც საჯარო ინტერესების დაცვასა და პროცესების ადამიანის უფლებების და დემოკრატიულ პრინციპების საფუძველზე წარმართვას გულისხმობს; უარი თქვას ნამახვანიჰესის მშენებლობის გაგრძელების უკანონო, რეპრესიულ ფორმებზე და მიმდინარე პროცესები დააბრუნოს საჯარო, მონაწილეობითი დიალოგის ფორმატში, რასაც არსებული პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ შესაძლებლობად მივიჩნევთ”,-აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე ისინი მიმართავენ, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუტებს, მათი მანდატისა და მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, მიიღონ ყველა ზომა რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესების ადამიანის უფლებების ფარგლებში, დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით წარმართვისათვის.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ნამახვანის მიმდებარედ, რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, ზონიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა