ალექსანდრე რაქვიაშვილი - „გირჩის“ 7 პუნქტიდან ნებისმიერის შესრულება ნიშნავს იმას, რომ ეს პარლამენტი უკეთესი იქნება, ვიდრე ნებისმიერი წინა პარლამენტი

„გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება პარტიის მიერ შეთავაზებული 7 პუნქტიდან რომელიმეს სრულფასოვნად განახორციელებს, „გირჩი“ პარლამენტში შევა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, „გირჩის“ მიერ შეთავაზებული პუნქტებიდან თუნდაც ერთ-ერთის შესრულება ნიშნავს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე ნებისმიერი წინა პარლამენტი.

„ჩვენ ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში, მაგრამ თუ რომელიმე ეს პუნქტი სრულფასოვნად შესრულდება, არ იქნება დაპირება, რომ შევასრულებთ, არ იქნება განხილვა, რომ შევასრულებთ, არამედ მართლაც შესრულდება, ჩავთვლით, რომ შეიძლება ეს პარლამენტი იდეალური არ არის, ძალიან ცუდია, რომ მთელი ოპოზიცია წარმოდგენილი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ამ პუნქტის შესრულება ნიშნავს იმას, რომ ეს პარლამენტი უკეთესი იქნება, ვიდრე ნებისმიერი წინა პარლამენტი“,-განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისი შეფასებით, „გირჩი“ 7 - პუნქტიან მოთხოვნაზე ძალიან დიდხანს მსჯელობდა.

„ავარჩიეთ 7 პუნქტი, ბევრი დისკუსია გვქონდა ამ თემაზე. ალბათ, რამდენიმე კვირა და რამდენიმე ათეული საათი დავხარჯეთ. ასე ვუყურებთ სიტუაციას - პოლიტიკურმა ჭაობმა, რაც მეექვსე თვეა გრძელდება, ფაქტობრივად პოლიტიკური ცხოვრება დაასრულა. არავინ მსჯელობს რეალურ პრობლემებზე იმიტომ კი არა, რომ არ გვინდა, უბრალოდ, უადგილო გამოდის ეთერებში საუბარი მაგალითად, ეროვნულ ბანკზე, როცა შედიხარ პარლამენტში თუ არა, ეს მთავარი საკითხია. ვიფიქრეთ, რომ თუ მოლაპარკება წესიერად ვერ დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რაღაც სხვა უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ამომრჩეველი არ არის ის, ვინც ცეკვაში გვაძლევს ხმას ან მიტინგზე სადღეგრძელლოების თქმაში. ადამიანებს უნდა დავანახოთ, რომ მართლაც რაღაცებს ვაკეთებთ“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

მან დაადასტურა, რომ მარიხუანის ლეგალიზების შემთხვევაში, „გირჩი“ მზად არის, საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტოს.

„კი, აუცილებლად. ეს არ არის ულტიმატუმი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს 7 პუნქტი თუ განხორციელდა, რომელიღაც სფეროს ძალიან წინ წაწევს. იმდენად მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება, რომ მგონი ყველას გაუჭირდება უარი თქვას. შეიძლება „ქართული ოცნება“ არც ერთ პუნქტზე არ წავიდეს დღევანდელი გადმოსახედიდან, მაგრამ პოლიტიკური პროცესი ის ხომ არ არის, დავსხდეთ და 5 წუთი მოვილაპარაკოთ. ბევრ ადამიანთან უნდა ვისაუბროთ, თუნდაც მარიხუანის თემაზე საპატრიარქო იქნება პრობლემა, არასამთავრობო ორგანიზაციები, ანუ პროცესი უნდა დავიწყოთ“,-განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისი შეფასებით, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ არის წარმოდგენილი, საკანონმდებლო ორგანოც არასრულფასოვანია.

„ჩვენ იმიტომ კი არ შევდივართ პარლამეტში, რომ იქ არ გვინდა ვიყოთ, ან არ გვინდა რაღაც გავაკეთოთ, უბრალოდ, პარლამენტი თავისი შინაარსით არ გვაქვს“,-განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, „გირჩი“ იმ მოთხოვნებს ასახელებს, რა შემთხვევაშიც მზადაა, ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს. პარტიის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები 7 პუნქტისგან შედგება.

ეს პუნქტებია:

ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;

კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებებისგან;

რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ;

(მოქმედებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში)

პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულს ექნება უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული;

ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი;

რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად;

მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო