„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - მართლმსაჯულება ვალდებულია, დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან

მართლმსაჯულება ვალდებულია, დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან, - ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ორგანიზაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს ტელეკომპანია „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის - ლელა ლობჟანიძის ინტერესების დაცვას, რომელიც მათივე განცხადებით, შსს-ის თანამშრომლისა და მისი ოჯახის წევრების მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის მსხვერპლი გახდა.

„6 აპრილს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღმკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა ბრალდებულები, შესაძლოა, განპირობებული იყოს მათი სამსახურებრივი სტატუსითა და უკანონო პროტექციონიზმით, რის გამოც დაზარალებულ ქალს დღემდე თავისუფლად გადაადგილებისა და ბრალდებულთა მიერ მუქარის სისრულეში მოყვანის შიში აქვს.

2020 წლის 23 ივლისს შიდა ქართლის რეგიონული ტელეკომპანია „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს ლელა ლობჟანიძეს მისი გარდაცვლილი მეუღლის საფლავზე თავს დაესხნენ მეუღლის ძმა და ძმისშვილები. სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად მას დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით და ცდილობდნენ ფიზიკურ ძალადობას. ფაქტს შეესწრო არაერთი მოწმე, რომელთა ძალისხმევით შესაძლებელი გახდა მძიმე შედეგების თავიდან აცილება. კონფლიქტის ნაწილი აღბეჭდილია შემთხვევის დროს ერთ-ერთი მოწმის მიერ გადაღებულ ვიდეოზე.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებობს 7 პირდაპირი მოწმის ჩვენება, ფაქტის ამსახევლი ვიდეო და სხვა არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ლელა ლობჟანიძის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარას, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას 9 თვე დასჭირდა ბრალის წარსადგენად, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ხდებოდა ბრალდებულებისათვის ხელის დაფარება, რამდენადაც ერთ-ერთი მათგანი - ზ.ე. არის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, ხოლო მეორე, მისი ძმა თ.ე. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ში დასაქმებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საქმეში ადამიანის უფლებათა ცენტრის ჩართვის, არაერთი საჩივრისა და განცხადების წარდგენის შემდეგ, 2021 წლის 6 აპრილს მოხერხდა შსს თანამშრომლისა და მისი ძმისათვის ბრალის წაყენება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, როდესაც მას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

„იმავე დღეს გაიმართა ბრალდებულთა პირველად წარდგენის სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოსა და დამატებით შეზღუდვებს ლელა ლობჟანიძესთან მიახლოების აკრძალვის სახით, მოსამართლემ ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

დაზარალებულ ლელა ლობჯანიძეს დღემდე შიშის ქვეშ უწევს ცხოვრება და ეს შიში ყოველდღიურად მატულობს, რადგან ხედავს, რომ შსს თანამშრომელს და მის ძმას დღემდე არ დაკისრებიათ არავითარი პასუხსმგებლობა მის მიმართ ჩადენილ უკანონო ქმედებებზე. შიშს ამძფრებს ის გარემოება, რომ ბრალდებულ ზ.ე.-ს, როგორც ძალოვანი უწყების თანამშრომელს, ხელი მიუწვდება ცეცხლსასროლ იარაღზე. დაზარალებულს მუდმივად აქვს მოლოდინი, რომ მის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა სისრულეში იქნება მოყვანილი ბრალდებულების მიერ. სწორედ ეს შიშია საფუძველი იმისა, რომ ლელა ლობჟანიძე საკუთარი აწ გარდაცვილი მეუღლის საფლავზე მისვლას წინასწარ უთანხმებს სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელ ორგანოს და ითხოვს გარანტიებს, რომ მას იქ თავს არავინ დაესხმება“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, როგორც სისხლის სამართლის საქმის გაჭიანურება, ისე ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება არ ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს, ეწინააღმდგება სახელმწიფოს მიერ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს, დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ; დაიცვას მსხვერპლი ძალადობის შემდგომი აქტებისაგან.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ქალთა მიმართ ძალადობის ბრალდებით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხთან ერთად პრიორიტეტულად განიხილავს ბრალდებულისათვის იარაღის ჩამორთმევის ვალდებულების დაკისრების ან/და გარკვეულ ადგილზე შესვლისა და დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის საკითხს. აღნიშნული გორის რაიონულ სასამართლოს არ გაუკეთებია.

ამჟამად, ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხს პროკურორის საჩივრის საფუძველზე იხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს კოლეგიას, რომ გაითვალისწინოს ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროება, ბრალდებულთა პიროვნება, მათ მიერ მოწმეებზე ზემოქმედებისა და დაზარალებულის მიმართ ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება - გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიება ბრალდებულთა მიმართ და დაუწესოს მათ დამატებითი ღონისძიების სახით ლელა ლობჟანიძესთან მიახლოების აკრძალვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო იქნება სრულად პასუხისმგებელი იმ მოსალოდნელ ზიანზე, რაც შეიძლება დაზარალებულს ხელახლა მიაყენონ სასამართლოს გადაწყვეტილებით წაქეზებულმა ბრალდებულებმა“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს