თსუ-ში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „ლიტჰაიკერის“ მეექვსე სეზონი დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „ლიტჰაიკერის“ მეექვსე სეზონი დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, წელს კონკურსანტები პროექტისთვის შერჩეული ქართველი ავტორების 10 წიგნს წაიკითხავენ. პროექტის ფარგლებში სტუდენტები საკონკურსო წიგნების ავტორებსაც შეხვდებიან. პირველი შეხვედრა მწერალ არჩილ ქიქოძესთან გაიმართა.

„პროექტი ძალიან საინტერესოდ მეჩვენა. ის, რომ ვიღაცას ჩემთან შეხვედრა უნდა, მით უფრო ახალგაზრდას და ჩემი წიგნის გარშემო საუბარია, რა თქმა უნდა, უნდა დავთანხმებულიყავი და მოვედი სიამოვნებით. ვისაუბრე „ნორვეგიულ დღიურზე“, რომელიც არის დოკუმენტური პროზა”,- განაცხადა არჩილ ქიქოძემ.

კონკურსში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად 5 რეგიონული უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. პროექტი, რომლის მიზანი ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობაა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მეორე წელია ონლაინ ფორმატში ხორციელდება.

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მრავალი კონკურსის ორგანიზატორია, ერთ-ერთი გამორჩეული კი ნამდვილად გახლავთ ლიტერატურული კონკურსი „ლიტჰაიკერი“, რომლის ფარგლებშიც ქართველი ავტორების 10 წიგნს წაიკითხავენ და ტესტირების შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული. თუმცა ამ შემთხვევაში გამარჯვება მეორეხარისხოვანია, იმიტომ რომ მთავარი სწორედ მოგზაურობაა, რასაც სტუდენტებს ეს 10 წიგნი სთავაზობს”, - განაცხადა თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნატა ასათიანმა.

მათივე ცნობით, პროექტის პარტნიორია სულაკაურის გამომცემლობა. როგორც „სულაკაურის გამომცემლობის“ ქართული პროზის მარკეტინგის მენეჯერმა ნინი თავხელიძემ აღნიშნა, უკვე მეორე წელია, რაც გამომცემლობა ასეთი საინტერესო პროექტის მხარდამჭერია და წელს პროექტს განსაკუთრებულ დატვირთვას სწორედ ქართველი ავტორები სძენენ.

„ყოველთვის ვცდილობთ, რომ სტუდენტები წავახალისოთ, რომ გაეცნონ თანამედროვე ქართულ პროზას და დიდი მადლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ მოგვცა ამის შესაძლებლობა”,- აღნიშნა მან.

მათივე ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ პროექტით წიგნისმოყვარულ სტუდენტებს ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობის კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს.

„წელს კონკურსანტები პროექტისთვის შერჩეული ქართველი ავტორების 10 წიგნს წაიკითხავენ და ამ წიგნებიდან საკონკურსოდ მომზადებულ ტესტებს დაწერენ. კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული. მათ გამომცემლობის მიერ დაწესებულ პრიზები და თსუ გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები გადაეცემათ.

პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები.

პირველი ტური 17 აპრილს ჩატარდება. კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებიც გამომცემლობის მიერ დაწესებულ პრიზებს მიიღებენ. I ადგილი: 500 ლარი და 500-ლარიანი ვაუჩერი, II ადგილი: 300-ლარიანი ვაუჩერი, III ადგილი: 150-ლარიანი ვაუჩერი. ამასთან, გამარჯვებულებს თსუ სამახსოვრო საჩუქრებს და უნივერსიტეტის გამომცემლობის ნაკრებს გადასცემს.

2014 წლიდან პროექტის პარტნიორი გამომცემლობა „პალიტრა L“ იყო (პროექტის სახელი „თაობა L“), 2016 წლიდან - გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ („პლანეტა რიდმორი“), 2020 წლიდან კი პროექტის პარტნიორია „სულაკაურის გამომცემლობა“ („ლიტჰაიკერი“)”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს
USAID და Gazelle Finance მცირე და საშუალო მეწარმეების და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალ პროგრამას იწყებენ
"კრედო ბანკმა" European Fund for Southeast Europe (EFSE) და Green for Growth Fund (GGF)-ისგან საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად 51 მილიონი ლარი მოიზიდა
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია