მიტროპოლიტი ანდრია კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე - საჭიროა აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება

ვფიქრობ, საჭიროა აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება, - ამის შესახებ გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ პანდემიის პირობებში არსებულ შეზღუდვებთან და საკარანტინო ნორმების შესაძლო გამკაცრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

აღნიშნულზე მიტროპოლიტმა ღვთისმშობლის სახელობის გორის საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ისაუბრა და მრევლს საკუთარი მოსაზრებები გააცნო.

,,ახლა მიდის საუბარი, რომ ზომები კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს ან ის ძველი ნორმები იყოს დაბრუნებული და ამასთან დაკავშირებით მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა და ეს აზრი, როგორც თხოვნა გავაჟღერო. ვფიქრობ, რომ საჭიროა პირიქით, აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ძალიან გონივრულად. ჩვენ, მოქალაქეებმა, ხელი უნდა შევუწყოთ ხელისუფებას ამ ზომების დაცვაში იმიტომ, რომ ეს ეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს - ადამიანის ჯანმრთელობას.

რატომ მიმაჩნია, რომ არის საჭირო ამ ნორმების გადახედვა და შემსუბუქება: პირველი - ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ჩვენ მეორე წელია ვართ ამ ვითარებაში, ვხედავთ, რომ საზოგადოების წევრები უკვე შესამჩნევად არიან გაღიზიანებულები, თუნდაც ის ფაქტი, რამდენიმე დღის წინ რაც მოხდა - ტაქსის მძღოლმა თავისი მანქანა დაწვა.

მეორე - ეკონომიკური მდგომარეობა არის რთული. თუ მიეცათ საქმიანობის განხორციელებისთვის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ეს შეამსუბუქებს მოქალაქეების და სახელმწიფოს მდგომარეობასაც. სახელმწიფოსაც მძიმე ტვირთად დააწვა ეს ვითარება, იგივე კომპენსაციები. მინდა აღვნიშნო, რომ კომპენსაციებზე გაცილებით მნიშვნელოვანია ადმიანებს მიეცეთ ნორმების დაცვით საქმიანობის შესაძლებლობა.

მესამე - ახლა ჩვენ ვისმენთ, რომ ზოგიერთი კომპანიები და მათი ხელმძღვანელები აშინებენ ადამიანებს, რომ ვინც ვაქცინას არ გაიკეთებს, ვერ იმუშავებს ან ვერ შევა დაწესებულებაში. მინდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტად აპირისპირებს და აღიზიანებს ერთმანეთთან საზოგადოებას და ყველას ვთხოვდი, რომ ასეთი განცხადებები ამ ვითარებაში არ არის გასაკეთებელი.

მეოთხე საკითხი - პანდემიის ვითარებაში სამედიცინო პერსონალმა საკმაოდ კარგი გამოცდილება მიიღო და მათი პროფესიონალიზმი გაიზარდა. სამედიცინო პირებმა უკვე კარგად იციან, როგორ უნდა ებრძოლონ ამ ვირუსს, რა ზომები არის განსახორციელებელი. სამწუხაროდ, კიდევ არის გარდაცვალების ფაქტები, მაგრამ ღვთის წყალობით, ექიმების პროფესიონალიზმით და ამავე დროს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ზომებით, საკმაოდ დაბალი არის სიკვდილიანობა", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეუფე ანდრიას მოსაზრებით, იმის მიუხედავად, რომ ცალკეული დარღვევის ფაქტები ფიქსირდება, საზოგადოება საკმაოდ ყურადღებით ეკიდება რეგულაციებს.

,,უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორგანიზებულობის ხარისხი მაღალია, როგორც სამედიცინო პერსონალის, ისე სახელმწიფო სტრუქტურების და ჩვენი საზოგადოებაც საკმაოდ ყურადღებიანად და ორგანიზებულად იქცეოდა და დღესაც იქცევა. რა თქმა უნდა, არის დარღვევის ცალკეული ფაქტები, შეკრებები, მაგრამ გარკვეულწილად, ეს მაინც არის დაკავშირებული ადამიანების სულიერ მდგომარეობასთან, ადამიანები გადაიღალნენ ერთმანეთის გარეშე ყოფნით.

ზოგადად, საზოგადოების ორგანიზებულობა და ყურადღება ამ საკითხისადმი საკმაოდ მაღალია. ყოველივე დასახლებულის საფუძველზე მიმაჩნია, რომ საკარანტინო ნორმები იყოს გადახედილი და შემსუბუქებული. ამას ხელს უწყობს ვაქცინაციის დაწყების პროცესიც.

რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგები, სახელმწიფო სტრუქტურები უკეთესად დაგეგმავენ, წარმართავენ და იტყვიან, რისი გაკეთება შეიძლება.

შეიძლება გადაისინჯოს და შეიცვალოს სხვადასხვა ნორმები. შეიძლება იყოს დღისა და ღამის ნორმები სხვადასხვა სახის. შეიძლება მოხდეს გადახედვა ფართისა და ადამიანების რაოდენობის მიმართ. მაგალითად, ისეთი დაწესებულებებისათვის, როგორც არის თეატრები, საკონცერტო დარბაზები, დახურული შენობები, ვთქვათ იტევს 300 კაცს, თუ შესაძლებელია, ნორმის დაცვით 100 კაცი დაესწროს, იყოს ამის შესაძლებლობა, რომ იმუშავოს თეატრმაც, საკონცერტო დარბაზმაც, ადამიანიც მივიდეს და დაესწროს.

ასეთი არის ჩემი მოსაზრება, რომელიც გაგაცანით და მინდა, რომ ჩვენს ხელისუფლებამდე მივიდეს ეს მოსაზრება. თუ თქვენ მეთანხმებით, მაშინ ეს იქნება ჩვენი ერთობით და ყველას სახელით მიწოდებული ჩვენი ხელისუფლებისადმი", - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანდრიამ ტაძარში შეკრებილ მრევლთან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს