ლევან იოსელიანის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი რიონის ხეობაში უნდა ჩავიდეს და პირადად აიღოს პასუხისმგებლობა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაზე

დღეს ჩვენი სახელმწიფო ჩვენს მოქალაქეებს საპოლიციო ძალებით, „რობოკოპებით“ და სპეციალური დანიშნულებით მანქანებით აპირებს დაელაპარაკოს, რაც მიუღებელია, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ხელისუფლება „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს პროექტის გამართულობას არგუმენტების სისწორით უნდა უმტკიცებდეს.

„მინდა გამოვეხმაურო რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდ წუხილად და სამართლიან პრობლემად გადაიქცა. ჩვენ გვახსოვს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ იყო განხილვა, თუმცა, სიტუაცია კიდე უფრო დაიძაბა და კიდევ უფრო მეტი ვნებათაღელვაა რიონის ხეობაში. დღეს ჩვენი სახელმწიფო ჩვენს მოქალაქეებს საპოლიციო ძალებით, „რობოკოპებით“ და სპეციალური დანიშნულების მანქანებით აპირებს დაელაპარაკოს, რაც მიუღებელია. ჩვენ მოქალაქეებს უნდა ვესაუბრებოდეთ პირველ რიგში არგუმენტებით და არგუმენტების სისწორით უნდა ვუმტკიცებდეთ იმ პროექტის გამართულობას, რომელიც ხელისუფლებას მიაჩნია, რომ იქ უნდა განხორციელდეს. არ წყდება მათი ზარები და თხოვნები ჩვენს მიმართ, რომ ამ საკითხს საქართველოს პარლამენტი მაინც მოეკიდოს მეტი პასუხისმგებლობით, რადგან ხელისუფლება ვერ ათვითცნობიერებს რამხელა ცეცხლს ეთამაშება“, - განაცხადა იოსელიანმა.

იოსელიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რიონის ხეობაში უნდა ჩავიდეს და პირადად აიღოს პასუხისმგებლობა საკითხის მოგვარებაზე.

„თუ ეს პრობლემა საბოლოო ჯამში კიდევ უფრო გამწვავდება, მარტო ხელისუფლება კი არა, მთლიანად ქვეყანა დაზარალდება და ჩვენი მოქალაქეებიც, რომლებიც ამ სიცივეში დგანან და სამართლიანად ითხოვენ მარტივ რამეს - ხელისუფლებამ დაუმტკიცოს პროექტის გამართულობა, დაუმტკიცოს, რომ მათ სამომავლო ცხოვრებას და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა იოსელიანმა.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა