ნიკოლოზ სამხარაძე - მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააგრძელოს საქართველოსა და უკრაინაში მშვიდობისა და სუვერენიტეტის ქმედითი მხარდაჭერა, რაც უმნიშვნელოვანესია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად

ჩვენ, საქართველოს პარლამენტი, ღრმად ვართ შეშფოთებული რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მზარდი დარღვევებით, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო სოლიდარულია და მზადაა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ექსპანსიონისტური მისწრაფებების წინააღმდეგ უკრაინასთან ერთიანი იყოს.

„მსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო უკრაინაში მიმდინარე საკმაოდ სახიფათო მოვლენებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული ქმედებებით არის განპირობებული. ჩვენ, საქართველოს პარლამენტი, ღრმად ვართ შეშფოთებული რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მზარდი დარღვევებით, რასაც ბოლო პერიოდში ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზება დაემატა. ჩვენ გულდასმით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს, ნათლად ვხედავთ რუსეთის ჩვეულ და ძალიან სახიფათო ქცევას, რაც მდგომარეობს კონფლიქტის უკიდურესად დაძაბვისა და ესკალაციისას.

საქართველოს და უკრაინას მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობის დიდი ისტორია აკავშირებთ და აგრეთვე საერთო სამომავლო ხედვები აქვთ. ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობების ყველაზე კარგი გამოხატულებაა სტრატეგიული მიზნების ერთობლივი განხორციელება, რაც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარება და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. შესაბამისად, ჩვენს მეგობარ უკრაინას და ჩვენს კოლეგებს რადაში, რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ და მუდმივ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვუდასტურებთ სოლიდარობას და მზაობას ვიყოთ ერთიანი საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნების ინტერესების დაცვაში რუსეთის ექსპანსიონისტური მისწრაფებების წინააღმდეგ.

რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაცია, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და მათი დამანგრეველი შედეგები ყოველდღიურობად იქცა როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის. რუსეთის ქმედებები და მისი პოლიტიკა მეზობლების მიმართ საფრთხის შემცვლელია არამხოლოდ შავი ზღვის რეგიონისთვის, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ურთიერთობების გაღრმავებას ნატო-სა და უკრაინას შორის, ვემხრობით შავი ზღვის რეგიონში ალიანსის გაზრდის ჩართულობას, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტად მიგვაჩნია. ასევე, მოვუწოდებთ ნატო-ს დააჩქაროს საქართველოს და უკრაინის ალიანსის მიღების პროცესი. უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გააგრძელოს საქართველოსა და უკრაინაში მშვიდობისა და მათი სუვერენიტეტის ქმედითი მხარდაჭერა, რაც უმნიშვნელოვანესია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად“, -განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს