გიგი წერეთელი - მოლაპარაკების პროცესი ამ მომენტისთვის არის შეწყვეტილი - ფანჯარა დაიხურა, სარკმელი შეიძლება ღია იყოს

დღევანდელი გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, ფანჯარა დაიხურა, სარკმელი შეიძლება ღია იყოს და ისიც რომ მთლად არ დაიხუროს, ხელისუფლებას, მე ვფიქრობ, რაღაც გეგმა უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებაში იციან, რომ ნიკა მელიას საპატიმროში დატოვების შესახებ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას დასავლეთის მხრიდან რეაქციები მოჰყვება, ამიტომ პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიუსელში, რეაქციების შერბილებას ან ჩაქრობას ემსახურება.

„ყველა ერთად უნდა ვფიქრობდეთ, როგორ წავიდეთ შეთანხმებისკენ. დღეს ხელისუფლებამ თქვა: „მე შეთანხმება არ მინდა!“ მას ჰქონდა საშუალება ეს გაეკეთებინა და არავინ მას არ გაამტყუნებდა, ჩაითვლებოდა, რომ არის სწორი, თან პლუს, მთელი მსოფლიო გეუბნება, რომ განმუხტე ეს ვითარება, გადადგი ნაბიჯი. ხელისულებას რომ მეტი პასუხისმგებლობა აქვს, არაერთხელ ითქვა. დღევანდელი გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, ფანჯარა დაიხურა, სარკმელი შეიძლება ღია იყოს და მთლად რომ არ დაიხუროს, ხელისუფლებას, მე ვფიქრობ, რომ რაღაც გეგმა უნდა ჰქონდეს, თუ ქაოსურად მოქმედებენ? დარწმუნებული ვარ, რაღაც გეგმა აქვთ. კობახიძე წავიდა ამერიკაში, წავიდა ბრიუსელში, მათ იციან, რომ მელიას არ გამოშვების ამ გადაწყვეტილებას რაღაც რეაქცია მოჰყვება, ახლა, ალბათ, ამ რეაქციების შესარბილებლად ან ჩასაქრობად იქნება ეს ვოიაჟი. ოპოზიციაში ამაზე მსჯელობა აუცილებლად გაიმართება, მაგრამ დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი არის შეწყვეტილი ამ მომენტისთვის, მე ასე ვხედავ ამას, არავითარი აზრი ახლა არ აქვს,“- განაცხადა წერეთელმა.

მისივე განმარტებით, დღეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან ცუდი გზავნილია ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც და ამყარებს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოა.

„რაღაც გარკვეული მოლოდინი არსებობდა, უფრო ოპტიმისტებში, რომ შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო და მიღებული ყოფილიყო იმგვარად, რომ მელია გათავისუფლებულიყო, ამის ყოველგვარი საფუძველი არსებობდა, ყველანაირი ლოგიკაც ამაზე მეტყველებს და ის ადამიანებიც, ვინც ესწრებოდნენ სასამართლო პროცესს, ძალიან აღშფოთებულები არიან. ყოველთვის, როდესაც არის პოლიტიკური დიქტატი სასამართლოზე, ზეწოლა და სხვა, სასამართლო ასე გამოიყურება და ყოველთვის ასეთი მძიმე შთაბეჭდილება რჩება, როდესაც არ არის რეალურად მართლაც დაბალანსებული სამართლის პრინციპები.

საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესი, ჩიხიდან გამოყვანა, ამ კრიზისის განმუხტვა, ძალიან დიდ და კარგ სტიმულს მისცემს ჩვენს საერთაშორისო მხარდაჭერას და ასევე, ბუნებრივია, ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როცა სასამართლოზეა საუბარი, არაერთხელ არის გამოხატული - ეს გადაწყვეტილება, რაც დღეს მელიაზე იყო, ამყარებს მოსაზრებას, რომ სასამართლო არის პოლიტიკურად მოტივირებული, არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. მელიას ეკუთვნის ციხიდან გაშვება, მას არ ეკუთვნის პატიმრობა, ის არ არის არც ტერორისტი, არც მკვლელი, ის არის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც მაგიდასთან უნდა იჯდეს და ზის ციხეში,“- განაცხადა გიგი წერეთელმა.

წერეთლის განცხადებით, კარგი ამბავი ამ ცუდ ისტორიაში ის არის, რომ დასავლეთი და საქართველოს სტრატეგიული მეგობრები არ ფიქრობენ, რომ გავიდნენ აქტიური მოლაპარაკების პროცესიდან.

„რაღაც ახალზეა ფიქრი, დანიელსონის ვიზიტებმა თუ ვერ მოიტანა შედეგი, ახლა, ალბათ, უფრო სერიოზული ინიციატივები შეიძლება იყოს და ერთ-ერთი არის ჩვენი ბალტიელი მეგობრების ინიციატივა, კონკრეტულად, ლიეტუველი კოლეგების - როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს გარკვეულწილად მიმართვა ჰქონდა, რომ რაღაც გაძლიერდეს და ახალი ინსტრუმენტები გაჩნდეს. ძალიან კარგი იქნება თუ ჩამოვლენ საგარეო საქმეთა მინისტრები და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რა პასუხისმგებლობა აქვს მას ამ საქმეში,“- განაცხადა წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა