დავით მათიკაშვილი - ნიკა მელიას ჯიბეში უდევს ციხიდან გამოსვლის გასაღები და არ გამოდის - გირაოს გადახდაზე უარის თქმა პრინციპული ნაბიჯი კი არა, პროვოკაციული ბრძოლის ნაწილია

„ქართული ოცნების“ წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მხრიდან გირაოს გადაუხდელობა არა პრინციპული ნაბიჯი, არამედ პროვოკაციული ბრძოლის ნაწილია.

როგორც მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მელიას გირაოს გადახდის შემთხვევაში „ახლავე, 5 წუთში შეუძლია საპატიმრო დატოვოს“.

მისივე თქმით, საპატიმროდან გამოსვლის გასაღები მელიას ჯიბეში უდევს, მაგრამ ციხიდან არ გამოდის.

„ჩვენ ვსაუბრობთ იმ დარღვევაზე, რომელიც ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეში იყო და ეს საზოგადოებამ დაინახა. ვსაუბრობთ იმაზე, რომ კონკრეტული პარტიის ლიდერი აცხადებდა, რომ არ გადავიხდი გირაოს და ვერ დამიჭერთ, ამით კი სახელმწიფოს იწვევდა პროვოკაციაზე ამ სიტყვის სრული და პირდაპირი მნიშვნელობით. ნაბიჯ-ნაბიჯ აწყობდა ამ მოვლენების ჯაჭვს „ნაციონალური მოძრაობა“, იმისთვის, რომ ეს შედეგი დადებულიყო. მაგრამ მათ არცერთი პროვოკაცია არ გამოუვიდათ, ყველაფერი ჩაეფუშათ და იმიტომაც არიან ვა-ბანკზე წასული. ჯიბეში უდევს გასაღაბი ციხიდან გამოსვლის და რეალურად ის ციხიდან არ გამოდის. მარტივი 40 ათასიანი გირაო აქვს გადასახდელი. აი კვანძის გახსნა სად არის. თქვენ ახლა კითხვა დამისვით, რომ სახელმწიფომ დაარღვიოს კანონი, ხაზი გადაუსვას სასამართლოს, იმოქმედოს ისე, როგორც 2012 წლამდე მოქმედებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და უკანონობა ჩაიდინოს. ამ დროს, გირაოს გადახდის შემთხვევაში ნიკანორ მელიას დღესვე, 5 წუთში შეუძლია დატოვის დაპატიმრო. გირაოს გადახდაზე უარის თქმა პრინციპული ნაბიჯი კი არ არის, პროვოკაციული ბრძოლის ნაწილია“, - განაცხადა მათიკაშვილმა და დასძინა, რომ ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ არა ახირება, არამედ პროვოკაცია და ის უნდა დასრულდეს კანონიერი მეთოდით.

„კანონიერი მეთოდი ორია - ან ნიკანორ მელია იხდის ამ თანხას და გამოდის გარეთ, ან სასამართლო განაჩენი დგინდება, რომელმაც შეიძლება გაამტყუნოს ან გაამართლოს. თუ გამართლდება ის გამობრძანდება გარეთ. თუ გამტყუნდება, რასაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კანონმდებლობა, იმ სასჯელით იქნება სასამართლოს მხრიდან დასჯილი. იმის გამო, რომ ეს საკითხი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პროვოკაციული ქმედებებით ამ აჟიტირებულ სივრცეში შეძლო და გახადა ერთ-ერთ საკითხად მოლაპარაკების წიაღში, ამ საკითხზე „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა - როგორც პარლამენტში უმრავლესობის მქონე პარტია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ამნისტიის შესახებ კანონი მიიღოს, ამნისტირებულს გახდის 19-20 ივნისის მოვლენების ყველა მონაწილეს, მათ შორის ნიკანორ მელიას. ეს იყო ერთდერთი საკითხი, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდასთან მართლმსაჯულების პრინციპების დაცვით და კონსტიტუციის დაურღვევლად შეგვეძლო გვეთქვა და ჩვენ ეს ვთქვით. ამ ნაბიჯზე მიდიოდა „ქართული ოცნება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

როგორც მათიკაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა „ა“ როცა არ ამართლებს, რაც არჩევნების წაგებით გამოიხატება, მოქმედებას იწყებს გეგმა „ბ“, რომელიც „ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა რევოლუციების, პროვოკაციების და იმ ყველაფრის გამოყენებით, რომელიც მათ ჰგონიათ, რომ კარგად გამოსდით“.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა