გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა, ანა ჩერნიშოვამ მოაწერეს.

მემორანდუმი სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ უწყებებსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოქნილი მექანიზმის შემუშავების, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და საშუალო სკოლებში გარემოსდაცვითი განათლების დანერგვის მიმართულებებით.

„საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საქართველოს გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად. ჩვენთვის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შემუშავება და აღსრულება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მადლობას ვუხდი ევროკავშირს, გაეროს განვითარების პროგრამას და შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მრავალწლიანი თანამშრომლობისა და გაწეული მხარდაჭერისთვის. გარემოსდაცვითი პოლიტიკის განვითარების პროცესში, ჩვენთვის ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელსაც დონორი და პარტნიორი ორგანიზაციები ახორციელებენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში გარემოს დაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას. მოხარული ვარ, რომ მთავრობასთან და შვედ პარტნიორებთან თანამშრომლობით გვექნება საქართველოს მწვანე ქვეყანად განვითარების ხელშეწყობის შესაძლებლობა“, - განაცხადა ანა ჩერნიშოვამ.

106 000 აშშ დოლარის ღირებულების ცხრათვიანი პროექტი UNDP-სა და შვედეთის მთავრობის ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რომლის მიზანსაც საქართველოს საჯარო სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს.

„გარემოს დაცვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. მოხარული ვარ ქვეყანაში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის აღსრულების ხელშეწყობის პროცესში მონაწილეობით”, - განაცხადა საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ერიკ ილესმა.

„აღსანიშნავია, რომ, 2021 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ძალაში 2022 წელს უნდა შევიდეს. UNDP-ის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაასრულებს აღნიშნული კანონის ხუთი კანონქვემდებარე აქტის შემუშავებას, რომლებშიც დეტალურად იქნება გაწერილი გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგისა და მიყენებული ზიანის შემთხვევაში ვალდებულების დაკისრებისა და აღსრულების მექანიზმები.

მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტროს 60 თანამშრომელი გადამზადდება გარემოსდაცვითი მონიტორინგის ჩატარებისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის აღსრულების საკითხებში.

ღონისძიებას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, ატაშე/კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორი ალექსანდრე დარასი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს