31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას მუშაობა ამ დრომდე არ დაუწყია

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნიდან თითქმის ორი თვე გავიდა, თუმცა კომისიას ჯერ არც ერთი სხდომა არ გაუმართავს.

არ შემდგარა პირველი საორგანიზაციო სხდომაც, რომელიც პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების წარდგენიდან არაუგვიანეს 3-დღისა იმართება. შესაბამისად, კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე, მდივანი და არა აქვს დებულება.

პარლამენტმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება 17 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიიღო. საპარლამენტო კომისიის უფლებამოსილების ვადა კი, 3-თვით განისაზღვრა.

მმართველი გუნდი ამ დრომდე პარლამენტში ოპოზიციის შესვლასა და კომისიის საქმიანობაში მათ ჩართვას ელის. როგორც “ინტერპრესნიუსს“ კომისიის წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გივი მიქანაძემ განუცხადა, მოლოდინის რეჟიმში არიან და განვითარებული მოვლენების მიხედვით შეჯერდებიან, “თუ როდის ამოქმედდება საგამოძიებო კომისია და საბოლოოდ, კომისიის საქმიანობას რამდენად ექნება ან არ ექნება აქტუალობა“.

“მთავარი უნდა ვთქვათ: - პარლამენტში საგამოძიებო კომისია ჩვენი გუნდის ინიციატივით შეიქმნა. ჩვენ ოპოზიციისათვის კარი გავხსენით, რათა კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ. შევქმენით მძლავრი მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა. ის, რომ ოპოზიცია ამაში მონაწილეობას არ იღებს, ადასტურებს, რომ მათ არჩევნების გაყალბების თაობაზე არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ და კვლავაც დესტრუქციულ სცენარს მიჰყვებიან. ჩვენ ოპოზიციის მიმართ არაერთი შეთავაზება გვქონდა. ველოდებოდით მოლაპარაკებებს. გამომდინარე იქედან, რომ ახლა ახალი ეტაპი იწყება, როცა შეიძლება ინდივიდუალური მოლაპარაკებები შედგეს, ვართ კვლავაც მოლოდინის რეჟიმში, ვინ შემოვა პარლამენტში. განვითარებული მოვლენების მიხედვით ვნახავთ, ვისთან რაზე მიიღწევა შეთანხმება. საბოლოო ჯამში შევჯერდებით, თუ როდის ამოქმედდება საგამოძიებო კომისია და საბოლოოდ კომისიის საქმიანობას შემდგომში რამდენად ექნება ან არ ექნება აქტუალობა. ჩვენ გვინდა, საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის მაქსიმალური მონაწილეობა იყოს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია ამჟამად ოთხი წევრით არის წარმოდგენილი. ფრაქცია “ქართული ოცნებიდან“ კომისიის წევრები გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური არიან, ხოლო უფრაქციო პარლამენტის წევრთა კვოტით კომისიაში დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია შევიდნენ.

პარტია “მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვაზე უარი თქვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა