რომან გოცირიძე - საქართველომ გაცილებით დაბალ პროცენტში უნდა მოიზიდოს სესხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევრობონდების განთავსება შეიძლება წარუმატებლად ჩაითვალოს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე განმარტავს, რა პრობლემები შეიძლება წარმოშვას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომელიც ევროობლიგაციების რეფინანსირებას ახდენს.

როგორც გოცირიძე აცხადებს, საქართველომ გაცილებით დაბალ პროცენტში უნდა მოიზიდოს სესხი - ოპტიმალური დიაპაზონი იქნებოდა 2,6-3,0 პროცენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საქართველოს მიერ ევრობონდების განთავსება შეიძლება წარუმატებლად ჩაითვალოს.

„საქართველოს მთავრობამ 12 აპრილს 500 მილიონი დოლარის ოდენობის საგარეო ვალი გაისტუმრა, რომელიც 2011 წლის აპრილში გამოშვებული ე.წ. „ევრობონდების“, ანუ ევროობლიგაციების საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე განთავსების შედეგად იყო აღებული. საპროცენტო განაკვეთი 6,9 პროცენტამდე შემცირდა, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალი იყო.

მთავრობა ამ ვალის გასტუმრებას ჯერ კიდევ შარშან გეგმავდა, მისი რეფინანსირების, ანუ ძველი ვალის ახლით გადაფარვის გზით, შემდეგ კი გადაწყვიტა ვალის გასასტუმრებლად გამოეყენებინა პანდემიის კრიზისის დასაძლევად მიღებული საგარეო დახმარებების ნაწილი. 5 მილიარდი ლარის ოდენობის საგარეო დახმარებიდან 1,71 მილიარდი ლარი მოხმარდა ევროობლიგაციების დაფარვას. ამით მნიშვნელოვნად შემცირდა ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები (4,1 მილიარდი დოლარიდან 3,6 მილიარდ დოლარამდე) და საფრთხე შეუქმნა საბიუჯეტო ხარჯების დროულ დაფინანსებას. საბოლოოდ, მთავრობამ გადაწყვიტა კვლავ აეღო ახალი სესხი საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე. ფაქტობრივად, ხდება წინა ევრობონდების რეფინანსირება.

მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს მთავრობამ გამოაცხადა კონკურსი, აღნიშნული ფასიანი ქაღალდების განთავსების მიზნით საერთაშორისოდ აღიარებული ბანკების შესარჩევად. უკვე გამოვლენილია სამი ცნობილი საინვესტიციო ბანკი. მთავრობის განცხადებით, ისინი უკვე მზად არიან მიმდინარე კვირის განმავლობაში ობლიგაციების ლონდონის ბირჟაზე გასატანად. დაგეგმილია იმავე რაოდენობის, 500 მილიონი დოლარის ღირებულების ათწლიანი ობლიგაციების გამოშვება.

რას უნდა ველოდოთ ლონდონის ბირჟაზე?

2011 წელს არ იყო ხელსაყრელი პირობები ევროობლიგაციების ემისიისათვის, ამიტომაც მაღალი პროცენტით მოგვიწია სესხის აღება. ბოლო წლებში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე. ინვესტორებს გაუძნელდათ ფულის სარფიანად გასესხება. ძალიან დაბალი გახდა უცხოეთის სახელმწიფოთა მთავრობების და ცენტრალური ბანკების მიერ ემიტირებული ფასიანი ქაღალდებიდან შემოსავალი. ამას დაემატა პანდემიის პერიოდში წამყვანი უცხოური ცენტრალური ბანკების მიერს ეკონომიკის წახალისების მიზნით გატარებული ე.წ. იაფი ფულის პოლიტიკაც. მაგალითად, ამერიკის მთავრობის ათწლიანი სახაზინო ვალდებულებებზე შემოსავალიანობა ისტორიულ მინიმუმამდეა დასული და შეადგენს წლიურ ერთ პროცენტზე ნაკლებს. ასეთ ვითარებაში, საქართველოს მთავრობისა და მის მიერ შერჩეული საინვესტიციო ბანკების სწორი მუშაობის შედეგად, შესაძლებელია ევრობონდების განთავსებით მისაღებ სესხზე საპროცენტო განაკვეთი ორჯერ და უფრო მეტად დაბალიც კი იყოს წინა ემისიასთან შედარებით.

რა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს? თუნდაც სომხეთის მაგალითი. სომხეთმა 2021 წლის 2 თებერვალს ლონდონის ბირჟაზე საკმაოდ წარმატებით განათავსა 750 მილიონი დოლარის ღირებულების ევროობლიგაცია, 10 წლის ვადით. მოთხოვნამ გადააჭარბა 3 მილიარდ დოლარს. სომხეთმა უარი თქვა განცხადებულზე მეტის აღებაზე. სესხის ე.წ. კუპონური შემოსავალი იყო 3,6 პროცენტი. ეს ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია სომხეთისათვის.

სწორედ ეს არის ორიენტირი საქართველოს მთავრობისათვის. საქართველომ გაცილებით დაბალ პროცენტში უნდა მოიზიდოს სესხი მრავალი მიზეზის გამო. ოპტიმალური დიაპაზონი ალბათ იქნებოდა 2,6-3,0 პროცენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მიერ ევრობონდების განთავსება შეიძლება ჩაითვალოს წარუმატებლად.

რომ შევადაროთ სომხეთისა და საქართველოს მდგომაარეობა:

- პოლიტიკური რისკები სომხეთში იყო (არის) გაცილებით მაღალი, ვიდრე საქართველოში. ომი ახალი დამთავრებული, ჰაერში ჩამოკიდებული მთავრობა ( რომელიც მერე გადადგა და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა).

  • სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ( ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში): სომხეთი B+, საქართველო BB.
  • ეკონომიკური „ზრდა“: სომხეთი, -7,5, საქართველო, -6,2.
  • მომავლის პერსპექტივა: სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს უკეთესი პერსპექტივა აქვს 2021-2026 წლებში.
  • შუმავალი ბანკები: სომხეთი- JP Morgan, Citi, HSBC; საქართველო- JP Morgan, Goldman Sachs, ICBC. ამ შედარებით ნათლად ჩანს, რომ საქართველოს აქვს საგრძნობი უპირატესობა და თუ ეს არ გამოიხატა ადეკვატურ შედეგში, მაშინ მთავრობას მოუწევს პასუხის გაცემა წარუმატებლობის მიზეზებზე. აქ უკვე ათეულ მილიონობით დოლარის ეკონომიაშია საქმე“, - აცხადებს გოცირიძე.
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
„გაგუას კლინიკაში“ covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა