ლორა თორნტონი - ახალი არჩევნების დანიშვნა, როცა გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს, ეს მოლიპული დაღმართია - პირველი ნაბიჯი „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას, რაც შეიძლება იყოს მელიას და რურუას გათავისუფლება

„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის"(NDI) ყოფილი დირექტორის საქართველოში და ამჟამად „საერთაშორისო იდეის“ გლობალური პროგრამების მენეჯერის ლორა თორნტონის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა „მოლიპულ დაღმართზე“ სიარული იქნება, რომლითაც არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ საქართველოც პანდორას ყუთს გახსნის და ცუდ პრეცედენტს შექმნის.

როგორც მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისზე წასვლამდე პირველი ნაბიჯი მთავრობამ უნდა გადადგას და ამაში ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება უნდა შევიდეს.

„საქართველოში ერთ-ერთ დიდ პრობლემად, რაზეც დამიწერია კიდეც, იმას ვხედავ, რომ ქვეყანამ ვერ გადალახა პოლიტიკისა და მმართველობის ნულოვანი ჯამის პრინციპით შეფასება. სხვა სიტყვებით - უნდა გავიმარჯვო და ჩემი ოპონენტი უნდა გავანადგურო. არ არსებობს შუალედური პოზიცია. ამას ორივე მხარეს ვხედავთ. ამით იქმნება ერთგვარი უარყოფითი წახალისების სისტემა, რომელიც გეუბნება, რომ არ დანებდე და ძალაუფლება არ დაკარგო, რადგან წაგების შემდეგ ანგარიშსწორების შედეგები ძალიან მძიმე იქნება.

სიტუაცია ისე გამოიყურება, რომ მოლაპარაკებები არ მუშაობს. თუმცა, ასევე ვფიქრობ, რომ ჩვენს კოლექტიურ ჩემოდანში, ამერიკას და ევროკავშირს, ჯერ ისევ გვაქვს რამდენიმე თაფლაკვერი და წკეპლა. შეიძლება გამოსავალი ის იყოს, რომ ცვლილებები ეტაპობრივად, პატარ-პატარა ნაბიჯებით განხორციელდეს და არა - ერთბაშად. „ქართული ოცნება“ მმართველი პარტიაა და რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი მათ უნდა გადადგან და ხელი პირველი მათ უნდა გაუწოდონ. ეს შეიძლება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება იყოს. ამის შემდეგ ოპოზიცია უნდა დათანხმდეს რაღაცას და ასე უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯები. შეიძლება, ეს მეთოდიც ჩავარდეს და განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ თქვას, რომ არ აღელვებთ ევროკავშირის მუქარა ფინანსური დახმარების შეჩერებაზე. არ ვისურვებდი, რომ საქმე ამ წკეპლების მიდგომამდე მივიდეს და ევროკავშირმა და ამერიკამ დახმარების შეწყვეტა დაიწყონ. მაგრამ მათ ამის საშუალება ნამდვილად აქვთ,“- განაცხადა ლორა თორნტონმა.

მისივე თქმით, მხარეებს ჰგონიათ, რომ მხოლოდ ერთი გამარჯვებული უნდა დარჩეს, სინამდვილეში კი სხვაგვარადაა.

„ჩვენ, გარე დამკვირვებლები ვხედავთ, რომ ორივე მხარეს შეუძლია გამარჯვება, მაგრამ ისინი ისე არიან საკუთარ ჩარჩოებში ჩაკეტილი, რომ ამის დანახვა უჭირთ. ჩემი აზრით, საქართველოში ორი ყველაზე დიდი საარჩევნო პრობლემა სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენება და დაშინებაა. ზოგიერთი ცვლილება დღესვე რომ იქნას შეტანილი და ერთ თვეში არჩევნები ჩატარდეს, არ მგონია დიდად განსხვავებული შედეგი მივიღოთ. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, როცა ფართომასშტაბიანი გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს, პანდორას ყუთს ხსნის. ვფიქრობ, ეს მოლიპული დაღმართია. მე იმ ძირეული ცვლილებების განხორციელებაში დავხარჯავდი დროსა და ძალისხმევას, რომლებიც ინსტიტუტების გარდაქმნას სჭირდება, არჩევნებს კი გეგმიურად ჩავატარებდი. თან ახალ არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი.

ზოგადად, გლობალური გადმოსახედიდან, პარლამენტის ბოიკოტები სარისკო საქმეა და ისინი იშვიათად აღწევს მიზანს, რომლის შესასრულებლადაც ისინი დაიწყეს. ვფიქრობ, ბოიკოტის გამოცხადებით, ოპოზიციის თავდაპირველი მიზანი ის იყო, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა წარმოეჩინათ ერთპარტიულ, არადერმოკრატიულ მმართველობად. შეიძლება მათ ამ მიზანს მიაღწიეს. მაგრამ გასათვალისწინებელი ის არის, რომ საზოგადოებას ბოიკოტი, როგორც წესი, არ მოსწონს. ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს იმას, რომ მოსახლეობის უმეტესობა ბოიკოტს მხარს არ უჭერს. ოპოზიციას სჭირდება საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებისა და დიდი პოლიტიკური გზავნილის ბალანსი.

ჩემთვის არავის აუხსნია რა იყო პარლამენტის ბოიკოტის მიზანი. მე უბრალოდ ვხვდები, რომ ეს შესაძლოა ქვეყანაზე ცუდი იმიჯის შექმნა ყოფილიყო და ამაში ოპოზიციამ მიზანს ვფიქრობ, მიაღწია. ვიტყოდი, რომ ბოიკოტი ამ მოლაპარაკების ნაწილია, რადგან „ქართულ ოცნებას“ ძალიან უნდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. ამიტომ, მთავრობა პირველი მხარე უნდა იყოს, რომელიც ნაბიჯს გადადგამს, იქნება ეს პატიმრების გათავისუფლება, გენერალური პროკურორის დანიშვნა თუ ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით დანიშვნა. მთავრობამ რაღაც უნდა გააკეთოს იმის სანაცვლოდ, რომ ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდეს,“- განაცხადა თორნტონმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა