საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებისათვის ახალ, უპრეცედენტო პროგრამას იწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალ, უპრეცედენტო პროგრამას - „ერთი პროექტი სტუ-ის ფაბლაბთან ერთად“ იწყებს. პროგრამა გათვლილია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებული სკოლებისა თუ დიასპორებისთვის და მასში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უპრეცედენტო პროგრამის იდეა დაიბადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბში (ბიზნესინკუბატორი), რომელიც უკვე მრავალი წელია ინოვაციების სამჭედლოა და უნიკალური მოდულების შექმნაზე მუშაობას აგრძელებს.

„პროგრამას, რომლის განხორციელებასაც საქართველოს უნივერსიტეტის ფაბლაბი იწყებს, ანალოგი არ გააჩნია. პირველად საქართველოში, სკოლის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, თავიანთი უნარები გამოავლინონ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, კრეატიული იდეები განახორციელონ.

უნივერსიტეტი დიდ წვლილს შეიტანს ფაბლაბში გენერირებული იდეების რეალიზაციაში, რაც სკოლის მოსწავლეებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება. უნივერსიტეტის ინიციატივაა, სათვისტომოების მხარდაჭერით, პროგრამაში ჩაერთონ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები სასკოლო ასაკის ბავშვები და მოზარდები - ეს მათ მშობლიურ ქვეყანასთან დააახლოვებს და მისცემს საშუალებას, თავიანთი ნიჭი სამშობლოს მოახმარონ. სიმბოლურია, რომ პროგრამა განხორციელდება უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში და პირველ ეტაპზე მოიცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასწავლო დაწესებულებებს“, - აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის პორტფოლიოში 300-ზე მეტი განხორციელებული ინოვაციური პროექტი, ინსტალაცია, ასევე, მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში, ღონისძიებასა თუ კონკურსში წარმატებული მონაწილეობაა. სტუ-ის ფაბლაბის პროექტები 3D პრინტერების, CNC რუტერების, ლაზერული მჭრელებისა და სხვა დანადგარების მეშვეობით შექმნილი „გონიერი“ ნივთები და პროტოტიპებია.

„რეგიონული პროგრამა, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერით ხორციელდება. „ერთი პროექტი სტუ-ის ფაბლაბთან ერთად“ სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს თავიანთი კრეატიული იდეები ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის გუნდის წევრებთან ერთად განახორციელონ. პროექტში ჩაერთვება ყველა სკოლა, სატესტო რეჟიმში უკვე შედგა რამდენიმე ონლაინ შეხვედრა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ეს გვაძლევს იმედს, რომ პროგრამა წარმატებული იქნება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სკოლებსა და მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, სახელი გაუთქვან თავიანთ სასწავლო დაწესებულებას, რეგიონს, ქვეყანას. პროგრამა ხელს შეუწყობს ახალი ტალანტების, ინოვატორების აღმოჩენას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კონტაქტს დაამყარებს ყველა სკოლასთან და მოსწავლეებს მისცემს დიდ მოტივაციას ტექნოლოგიების განვითარებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ“, - აცხადებს სტუ-ის ფაბლაბის ხელმძღვანელი გიორგი ფრანგიშვილი.

საქართველოსტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროგრამა სატესტო რეჟიმში 15 მარტიდან მუშაობს, 15 აპრილიდან კი იდეების განხორციელებაზე მუშაობა დაიწყება. ამ ეტაპზე, მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამაში ჩართვის ინტერესი, აღნიშნულ ბმულზე დარეგისტრირებით, უკვე ათეულობით სკოლამ გამოხატა.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!