ბექა ლილუაშვილი - შეცდომა იყო 20 ივნისის დღე, შეცდომაა ინსტიტუტების სისუსტე, პარტიაში შეჭრის გზით ნიკა მელიას დაკავება კი ევროპული მომავლისთვის რისკის შემცველი იყო, რისი მოცემულობაც აშკარად გვაქვს

საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, დღეს „ქართული ოცნების“ ყველაზე კრიტიკული შეცდომაა ის, რომ მან ოპოზიციურ სპექტრთან ერთად ქვეყანაში უკიდურესად რადიკალური პოლიტიკური გარემო შექმნა.

როგორც ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ხელისუფლების შეცდომა იყო ასევე, 20 ივნისს განვითარებული მოვლენები, როდესაც რუსი პოლიტიკოსი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა.

ლილუაშვილის შეფასებით, ამ ფაქტის გამო, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური საფასური არაერთხელ გადაიხადა და მას დღემდე იხდის.

„ჩემთვის ყველაზე კრიტიკული შეცდომა დღეის მოცემულობით არის ის, რომ მმართველმა ძალამ ფაქტობრივად, ოპოზიციურ სპექტრთან ერთად (ეს არის ორივე მხარის პასუხისმგებლობა, თუმცა, განსაკუთრებით მმართველი ძალის იმიტომ, რომ მმართველი ძალაა), ქვეყანაში შექმნა უკიდურესად რადიკალური პოლიტიკური გარემო. შეცდომაა ისიც, რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ინსტიტუტების სისუსტეზე და არა სიძლიერეზე, რაც იძლევა იმის წინაპირობას, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეების და საზოგადოების ნდობა შემცირებულია. შეცდომა იყო 20 ივნისის დღე, როდესაც სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ეს იყო პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის შეურაცხყოფა, რომლის პოლიტიკური ფასიც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ არაერთხელ გადაიხადა და რომ დავაკვირდეთ, დღემდე იხდის. შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღება არ ნიშნავს იმას, რომ გავაგრძელოთ იმ პოლიტიკურ ძალასთან ოპერირება და ვიყოთ საზოგადოებისთვის სრულიად არარელევანტური დღის წესრიგით პოლიტიკურ ასპარეზზე წარმოდგენილი. შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღება სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მოქალაქეების დღევანდელი საჭიროებების მოსაგვარებლად შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი და მას მივყვეთ“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა შეცდომა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება, ლილუაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია აღნიშნავდა, რომ ოპოზიციურ პარტიაში შეჭრის გზით, ნიკა მელიას დაკავება საქართველოს ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელი და რისკის შემცველი იქნებოდა.

ნიკა მელიას დაკავების ფორმასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკუთარი თანამდებობიდან გადადგა. აქ პოზიცია ცალსახა იყო, ის აფიქსირებდა იმ პოზიციას, რომ ოპოზიციურ პარტიაში შეჭრის გზით ნიკა მელიას დაკავება საქართველოს ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელი და რისკის შემცველი იყო, რისი ფაქტობრივი მოცემულობაც დღეს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, მათ შორის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებში აშკარად გვაქვს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი შეფასებით, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგი საზოგადოების დაკვეთასთან თანხვედრაში აღარ არის.

„ჩვენ სრულიად ვიაზრებთ პასუხისმგებლობას ამ პოლიტიკურ გუნდთან ერთად დაშვებულ შეცდომებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს საზოგადოებას აქვს. სწორედ ეს პასუხისმგებლობაა ის ძირითადი მოტივაცია პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების და მათი ოჯახების წინაშე, ქართული სახელმწიფოს წინაშე, რომელიც გახდა ძირითადი მოტივაცია და ძირითადი მიზეზი ჩვენი ასეთი ნაბიჯის გადადგმის. რაში გამოიხატება ეს? - ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ წელიწადზე მეტია აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვიმყოფებით, სადაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები უნდა იყოს პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეებისთვის. თითოეული მათგანის მთავარი საზრუნავი დღეს მისი ოჯახის კეთილდღეობაა. როდესაც თითოეული პოლიტიკური გაერთიანების, პოლიტიკოსის, განსაკუთრებით მათი, ვინც მმართველ ძალასთან ერთად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა და მიიღო საპარლამენტო მანდატები, უნდა იყოს კონსოლიდირებული იმისკენ, რომ ამ ყოვედღიურ საჭიროებებზე ვისაუბროთ, პრობლემები გადავჭრათ, ეს ძალები პოლიტიკური კინკლაობით და რადიკალიზაციის გაღრმავებით არიან დაკავებული. ხალხი არის თავის პრობლემებთან დატოვებული, გაჩაღებულია პოლიტიკური დოღი, რომელიც უბრალოდ მიმართულია იმისკენ, რომ ვინმემ პოლიტიკური ძალაუფლება შეინარჩუნოს ან მოიპოვოს“, - განაცხადა ლულუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა