საქპატენტის გადაწყვეტილებით DL101GE-ს ყველა წარჩინებული კურსდამთავრებული WIPO-ს განვითარებული საფეხურის კურსს უფასოდ გაივლის

„ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის (DL101GE)“ საშემოდგომო სესიის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს საქპატენტში უმასპინძლეს. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციიისა (WIPO) და საქპატენტის ერთობლივი სერტიფიკატები მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში საქპატენტის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ და გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში საბინე მახლმა გადასცეს.

„საშემოდგომო სესიის კურსდამთავრებულიდან თქვენ ხართ ის მსმენელები, რომლებმაც უმაღლესი, 90-ზე მეტი ქულა დააგროვეთ შემაჯამებელ გამოცდაზე. დღეს, თქვენი სახით, სწორედ რჩეულებს ვმასპინძლობთ და გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ აქ გაჟღერებულ გვარებს მალე ვიხილავთ პატენტრწმუნებულთა, ინტელექტუალური საკუთრების დარგის ექსპერტთა თუ მკვლევართა ჩამონათვალში“ - განაცხადა ღონისძიებაზე საქპატენტის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ.

საქპატენტის ინფორმაციით, DL101GE დისტანციური სწავლების პირველი კურსია, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საფუძვლების შესწავლის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული კურსი WIPO-ს აკადემიის ინტელექტუალური საკუთრების საბაზისო კურსის (DL101) შესაბამისად საქპატენტის მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა, შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან და სრულიად უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი გახდა სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

მათივე ინფორმაციით, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, WIPO-ს აკადემიის მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე შესაძლებელია WIPO-ს აკადემიის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის განვითარებული საფეხურის კურსების გავლა.

ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ საქპატენტის ინიციატივითა და WIPO-ს დაფინანსებით, როგორც საშემოდგომო სესიის ისე მომავალი სესიების წარჩინებული კურსდამთავრებულები WIPO-ს განვითარებული საფეხურის კურსს (DL302) უფასოდ გაივლიან. მათ მიეცემათ შესაძლებლობა დაეუფლონ სიღრმისეულ ცოდნას სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის მიმართულებით.

„ვიმედოვნებ, რომ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კურსი დაგეხმარათ მიგეღოთ ცოდნა და გამოცდილება, რათა გახდეთ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები თქვენს მომავალ საქმიანობაში. ასევე, მწამს, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და მოიზიდავს, როგორც ბიზნესის, ასევე სხვა სექტორის წარმომადგენლებს-ყველას, ვისაც გული შესტკივა საქართველოს პროგრესსა და განვითარებაზე“ , - განაცხადა ღონისძიებაზე გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში საბინე მახლმა.

როგორც საქპატენტის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, WIPO არის გაერთიანებული ერების სპეციალიზებული უწყება ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის, მომსახურების, ინფორმაციის და თანამშრომლობის გლობალური ფორუმი.

„WIPO-ს ბაზაზე არსებული აკადემია ინტელექტუალური საკუთრების დარგში განათლებისა და ადამიანური რესურსების მომზადების ცენტრია მსოფლიოში. აკადემიის დისტანციური სწავლების პროგრამები ხელმისაწვდომია ინტელექტუალური საკუთრების საკითხებით დაინტერესებული სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო