პლატფორმა 20/20 - მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, რამაც საბოლოო გავლენა იქონია შედეგებზე

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო მძიმე. მიუხედავად იმისა, რომ ის კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, რამაც იქონია საბოლოო გავლენა შედეგებზე, რომელიც არ ასახავს საქართველოს ამომრჩევლის ნებას, - ამის შესახებ ა(ა)იპ სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს ეხება.

სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის ინფორმაციით, აღნიშნულმა გარემოებამ, ქვეყანაში გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი, რაც აზიანებს სახელმწიფოს ინტერესს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

„კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობად მიგვაჩნია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინებით, თავისუფალ და სამართლიან გარემოში.

ა(ა)ი.პ სამოქალაქო პლატფორმა 20/20-მა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია 2020 წლის 1 სექტემბერს დაიწყო. ჩვენს ამოცანას წარმოადგენდა, არჩევნების წინა პერიოდის და კენჭისყრის დაკვირვების შედეგად არჩევნების შეფასება და შესაბამის ოლქებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება.

ა(ა)ი.პ სამოქალაქო პლატფორმა 20/20 აკვირდებოდა წინასაარჩევნო პროცესს. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდმა გამოკვეთა საყურადღებო საკითხები. კერძოდ, დაძაბული და პოლარიზებული გარემო, რაზეც ყველაზე უფრო მეტი უარყოფითი გავლენა იქონია ე.წ. „კარტოგრაფების საქმეზე“ დაწყებულმა გამოძიებამ. საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე გამოიკვეთა მიკერძოებული საქმიანობის ნიშნები, რაც ყველაზე მეტად გამოვლინდა საარჩევნო დავებისა და საოლქო/საუბნო კომისიებში პროფესიული ნიშნით განსაზღვრული კომისიის წევრების არჩევის პროცესში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის ინფორმაციითვე, საარჩევნო კამპანიის წარმოება ხდებოდა დაძაბულ გარემოში, ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ინციდენტებს, რომელთა დიდ ნაწილზე სამართალდამცველი სტრუქტურების რეაგირება იყო არასაკმარისი და ხშირ შემთხვევაში, არაადექვატურიც. განსაკუთრებით სამწუხარო იყო ჟურნალისტებსა და დამკვირვებელზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები.

მათივე ცნობით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ყველა მაჟორიტარულ ოლქში, საუბნო საარჩევნო კომისიის 250 დამკვირვებლითა და 40 მობილური ჯგუფით იყო წარმოდგენილი.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში მტრული გარემო დახვდათ. დამკვირვებელთა 85,4%-მა საუბნო კომისიების მხრიდან თანამშრომლობის ხარისხი უარყოფითად შეაფასა. დამკვირვებელთა 51,8% -ის მონაცემებით, დაირღვა უბნის გახსნის პროცედურები. ძირითად პრობლემად საარჩევნო უბანზე არასრულად ან დარღვევით წილისყრის პროცედურების არჩატარება, დამკვირვებლების უფლებამოსილების უკანონო შეზღუდვა და საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა დასახელდა.

ცენტრალური და საოლქო საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო დავებს ფორმალურად განიხილავდა. ყურადღების გარეშე ტოვებდა მის არსს და შინაარსს, ხშირად ადგილი ჰქონდა კანონის არაკეთილსინდისიერი განმარტების შემთხვევებსაც. დაფიქსირებული მნიშვნელოვანი დარღვევების მიმართ მსგავსი ზედაპირული მიდგომა ვერ უზრუნველყოფს არჩევნების შედეგებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას და ტოვებს განცდას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოწადინებული იყო არა დარღვევების გამოაშკარავებაზე ან გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრაზე, არამედ ქვედა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაშვებული შეცდომების თუ სამართალდარღვევების ფორმალურ გამართლებაზე.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის საბოლოო ანგარშში სრულად შეფასებულია საარჩევნო პროცესი და მიმდინარეობა. ჩვენი ორგანიზაციის მიერ არჩევნების შეფასების დასკვნასთან ერთად შემუშავებულია 12 რეკომენდაცია, რომელიც მომავალში შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უნდობლობას და საარჩევნო პროცესში, მათი გათვალისწინების შემთხვევაში, ნაკლები იქნება პოლიტიკური კრიზისების დაშვების შესაძლებობა“, - აღნიშნულია სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება