ირაკლი ქადაგიშვილი - მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტაზე ჩვენი გადაწყვეტილება გიორგი გახარიას პოზიციით იყო განპირობებული და მისი მოსაზრება რომ სხვანაირი ყოფილიყო, საკითხი მსჯელობის საგანი გახდებოდა

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტის თაობაზე “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების მთავარი განმაპირობებელი გიორგი გახარიას აზრი იყო და „მისი პოზიცია რომ სხვანაირი ყოფილიყო, ეს საკითხი შემდგომი მსჯელობის საგანი გახდებოდა“.

როგორც ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, გიორგი გახარიამ ბოლო მომენტში პოზიცია შეცვალა, რადგან პიროვნული საფრთხე დაინახა და არ სურდა, „კიდევ ერთხელ რაიმე ჩირქი მოსცხებოდა“.

„სანამ უმრავლესობა გადაწყვეტილებას მიიღებდა, რა თქმა უნდა, გვქონდა შეხვედრა პოლიტსაბჭოსთან და გადამწყვეტი იყო ამ შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრის პოზიციაც. გახარიამ მაშინ მკაფიოდ გამოხატა პოზიცია, რომ მისთვის როგორც მოქალაქისთვის, პოლიტიკოსისა და პრემიერისთვის მიუღებელია და ვერ მართავს ქვეყანას, სადაც ადამიანი, მითუმეტეს ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი უხეშად, დემონსტრაციულად არღვევს ქვეყნის კანონებს. აქედან გამომდინარე, მისი მკაფიო პოზიცია იყო გარკვეულწილად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ პარლამენტმა პროკურატურას მისცა უფლება, მიემართა სასამართლოსთვის.

ბოლო მომენტში, ვფიქრობ, მან პიროვნული საფრთხე დაინახა აღსრულების პროცესში. მას ეს საფრთხე, პოლიტიკურადაც და პიროვნულადაც, დიდად მოეჩვენა. არ უნდოდა კიდევ ერთხელ რაიმე ჩირქი მოსცხებოდა, როგორ პრეტენზიასაც 20 ივნისთან დაკავშირებით ოპოზიცია უყენებს ხოლმე და ვფიქრობ, მისი უკან დახევა და უარის თქმა მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, დიდწილად აქედანაც იყო გამოწვეული“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება გახარიას მომავალ პარტიას, ქადაგიშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტიის რიგი დეპუტატების გადასვლა გახარიას გუნდში მოსალოდნელი იყო, თუმცა „ამ ეტაპზე დეპუტატების რაოდენობის რესურსი, რაც გახარიას შეეძლო წაეყვანა, ამოწურულია“.

„უნდათ, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის მორიგ პროექტად წარმოაჩინონ. ეს არის ოპოზიციის წუხილი, რადგან ისინი ხედავენ საშიშროებას, რომ ამომრჩეველი, რომელიც გულგატეხილია მათ მიერ გატარებული პოლიტიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, სწორედ გიორგი გახარიას პოტენციური ამომრჩეველი გახდეს. გამომდინარე აქედან, მათი ასეთი ტიპის შეტევა განპირობებულია საფრთხით, რომელსაც ისინი საკმაოდ თვალნათლივ ხედავენ.

გიორგი გახარიას და მის მომავალ ჰიპოტეტურ ორგანიზაციას გაუჭირდება თავისი პოზიციონირება გააკეთოს, როგორც „ქართული ოცნება 2“ იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის დიდი ნაწილი მაინც, მისი ამომრჩეველი არ იქნება, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა არჩევანი უკვე გააკეთა. ამიტომ, მათ მოუწევთ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა. მათი ყველაზე ფართო სამოქმედო მინდორი უნდა იყოს მიტოვებული ამომრჩეველი, რომელიც 6-7-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიატოვა და ქუჩაში დატოვა. ვფიქრობ, რაღაც ნაწილი ალბათ, იქნება ჩვენი ამომრჩევლისაც, მაგრამ ეს მცირე ნაწილი იქნება, რომელიც რადიკალურად სურათს არ შეცვლის არც ჩვენ საზიანოდ და არც მის, როგორც მომავალი პოლიტიკური მოთამაშის სასარგებლოდ. ვფიქრობ, უნდა ითამაშოს იმ ველზე, რომლის იმედებიც ოპოზიციამ წყალს გაატანა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა