დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი მენაბდისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს

ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი მენაბდისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.

როგორც მენაბდის ადვოკატი დავით დადიანი აცხადებს, მისთვის უცნობია, თუ რას უკავშირდება მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება.

"ახალი ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც მან გამოძიებას მისცა მოწმედ დაკითხვის დროს, არ გააჩნია. მტკიცებულებებს უნდა გავეცნოთ, რასაც გამოძიება წარმოადგენს და იქიდან გამომდინარე უნდა გავცეთ კითხვებს პასუხები",- განაცხადა დადიანმა.

კითხვაზე, გამოძიებასთან ხომ არ ითანამშრომლეს გიორგი მენაბდის წინააღმდეგ დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ და მიხეილ კალანდიამ, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს მისთვის უცნობია და "წარმოდგენა არ აქვს".

"დაკავება ვის ჩვენებას უკავშირდება, არ ვიცი. სავარაუდოდ, იმათ ჩვენებას უკავშირდება, ვინც იქ იყო, ვინც არ იყო, იმის ჩვენებას როგორ დაუკავშირდება. ვარაუდით არაფერი არ მინდა ვთქვა, სავარაუდო ყველაფერია, რეალური ის იქნება, რაც საგამოძიებო მასალებში იქნება წარმოდგენილი",- აცხადებს დადიანი.

ასევე კითხვაზე, თუ რატომ დააკავეს მენაბდე მკვლელობიდან 4 წლის შემდეგ, ადვოკატი პასუხობს, რომ "ადამიანი ნებისმიერ დროს შეიძლება დააკავონ, თუ დამნაშავეა".

დადიანი არასწორს უწოდებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი მენაბდემ მისი დაჭრის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას არ მიაწოდა და არც სამედიცინო დახმარებას არ მიმართა. ადვოკატის თქმით, 2017 წლის პირველ დეკემბერს, გიორგი მენაბდემ "ძალიან მსუბუქი დაზიანება მიიღო ხერხემლის არეში". დადიანის თქმითვე, მენაბდის დაჭრა უკნიდან მოხდა, შესაბამისად, მისთვის უცნობია, თუ ვინ დაჭრა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

შეგახსენებთ, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო