საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის 2021-2024წწ. სტრატეგიის დოკუმენტის განხილვისა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით, საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივ წარმომადგენელს საბინე მახლს შეხვდა.
საქპატენტის ინფორმაციით, სტრატეგიის დოკუმენტზე, სადაც საქპატენტის ოთხწლიანი სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმაა ასახული, უწყება რამდენიმე თვეა მუშაობს და საბოლოო სახით დოკუმენტის საზოგადოებისთვის წარდგენა უახლოეს მომავალში იგეგმება.
მათივე ინფორმაციით, დარგის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით სტრატეგიული დოკუმენტით განისაზღვრება უწყების ხედვა, გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები და ამოცანები. აღნიშნული ღონისძიების შედეგად მოსალოდნელია, როგორც ინტელეტუალური საკუთრების უწყების გაძლიერება, ისე ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების გარემოს გაუმჯობესება.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის 2021-2024წწ. სტრატეგიის დოკუმენტის შექმნაში უწყებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება.
საქპატენტის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ გაეროს წარმომადგენელს გააცნო უწყების წინაშე არსებული გამოწვევები, გეგმები და გასატარებელი რეფორმები, ასევე მან შეაფასა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
„გაეროში ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ინტელექტუალური საკუთრება წარმოადგენს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების საფუძველს, რომელიც თავის მხრივ თამაშობს ძირითად როლს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებასა და მდგრადი განვითარების 17 მიზნის წარმატებით მიღწევაში”, - განაცხადა უწყების სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე საბინე მახლიმ.
ცნობისთვის, UNDP გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი უმსხვილესი სააგენტოა, რომლის წარმომადგენლობა საქართველოში 1993 წელს გაიხსნა. პროგრამის უმთავრესი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. UNDP-ის საქმიანობა მოიცავს ოთხ ძირითად სფეროს: დემოკრატიულ მმართველობას, ეკონომიკურ განვითარებას, გარემოს დაცვასა და ენერგეტიკას, კრიზისების პრევენციასა და კრიზისის შემდგომ რეაბილიტაციას. მდგრადი განვითარების მიღწევა სააგენტოს ყველა პროგრამის შემადგენელი პირობა და მიზანია.