„რედისონ ბლუ ივერიაში“ „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ანგარიშის: „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველი 100 დღე: რეალობა და გამოწვევები“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს ანგარიშზე, რომელიც აანალიზებს „ქართული ოცნების“ მთავრობის საქმიანობას პირველი 100 დღის განმავლობაში. პუბლიკაცია იკვლევს "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამას და აფასებს, თუ რამდენად შესაბამისობაშია პროგრამასთან პირველი 100 დღის მანძილზე მმართველი გუნდის ნაბიჯები და განვითარებული მოვლენები.
უფროსი მკვლევარის, ბიძინა ლებანიძის თქმით, ანგარიში ძალიან მნიშვნელოვან საკითხზეა. მან მიმოიხილა ის მთავარი ასპექტები, რაზეც კვლევა ამახვილებს ყურადღებას.
„ჩვენ ასეთი კვლევა ერთხელ, 2017 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უკვე ჩავატარეთ. ეს კვლევა მოიცავს ორ ძირითად ასპექტს: ერთია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამისა და დაპირებების ანალიზი, მეორეა პირველი 100 დღის განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკა, თუ რამდენადაა ის შესაბამისი „ქართული ოცნების“ პროგრამასთან და წინასაარჩევნო დაპირებებთან და ამასთან, რამდენადაა განხორციელებადი.
კვლევა 4 სფეროში ჩავატარეთ: ეკონომიკური პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა და დემოკრატია და ადამიანის უფლებები. ბუნებრივია, ოთხივე სფეროში გამოიკვეთა არსებული საფრთხეები და პრობლემები, ასევე, საინტერესოა, როგორი იყო ამაზე რეაგირება პირველი 100 დღის განმავლობაში. პრობლემები ოთხივე სფეროშია, პანდემიასთან დაკავშირებით ყველაზე მწვავე გამოწვევებია ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის სფეროში. ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად, პანდემიის ასპექტი პროგრამაში კარგად გათვალისწინებული არ ყოფილა; დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მხრივაც რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა დღეს არსებული პოლიტიკური კრიზისია, რასაც ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის დამოუკიდებელი სასამართლოს პრობლემა; ასევე გავეცით რეკომენდაციები, თუ რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ შემდგომი 4 წლის განმავლობაში აღნიშნულ ოთხ სფეროში, რათა მეტ პროგრესს მიაღწიოს. მაგალითად, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში საჭიროა, რომ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს შეცვლილ რეგიონულ გარემოს, განსაკუთრებით ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ და საქართველოს სტრატეგიულ როლს რეგიონში და ასევე გატარდეს უფრო აქტიური პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. გარდა ამისა, 2024 წლის ევროკავშირში წევრობის განაცხადის გასაკეთებლად უკეთ უნდა მოემზადოს როგორც ხელისუფლება, ასევე სხვა პოლიტიკური პარტიები“, - აღნიშნა ლებანიძემ „ინტერპრესნიუსთან“.
მისივე თქმით, 2017 წელს ჩატარებულ ანგარიშთან შედარებით, ამ კვლევაში უფრო მეტი პრობლემა და გამოწვევა იკვეთება.
„მოკლედ რომ შევადაროთ, დღეს არსებული სიტუაცია უფრო პრობლემურია და ქვეყანა მეტი გამოწვევების წინაშე დგას. ამას აქვს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები. ობიექტური რა თქმა უნდა, კოვიდ პანდემიაა, რომელმაც საქართველოს ძალიან მძიმედ დაარტყა და ეს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ემატება; სუბიექტური მიზეზები კი მთავრობასა და ოპოზიციას შორის არსებული პოლიტიკური კრიზისი და სხვა საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევებია“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ბიძინა ლებანიძემ.
ანგარიშის სრულ ვერსიას შეგიძლიათ, გაეცნოთ ინსტიტუტის ვებ-გვერდზე: www.gip.ge