გამოსავალი შემდეგ ფორმულაშია: პატიმრები უნდა გამოვიდნენ, ხოლო ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნებზე თქვას უარი და პარლამენტში შემოვიდეს, - ეს განცხადება დღეს პარლამენტში ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.
იოსელიანის შეფასებით, სწორედ ეს არის კომპრომისი, რისკენაც ნაბიჯი ორივე მხარემ უნდა გადადგას.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ბოიკოტს გამართლებულად არ თვლის.
„ამას 31 ოქტომრის შემდეგ ჩატარებული ყველა კვლევა ადასტურებს. პოლიტიკური კრიზისი ჩვენი მოქალაქეების დღის წესრიგის მთავარი თემა არ არის. მათ უნდათ პოლიტიკოსები იყვნენ პარლამენტში, მათი პრობლემების მოსაგვარებლად. კარს თვითმმართველობის არჩევნები მოგვადგა. არ ვიცი, რატომ ჰგონია ვიღაცას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ნაკლებმნიშნელოვანია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები. თვითმმართველობის არჩევნების დონეზე ცხადად გამოჩნდება, რომელ პარტიას როგორი მხარდაჭერა აქვს და როგორ აფასებენ ჩვენი მოქალაქეები პერიოდს, რომელიც ოპოზიციამ ბოიკოტის რეჟიმში განვლო", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.