გიგა ბოკერია - პირველი ბზარი გაჩნდა „ოცნების“  პოზიციაში, უტიფრობიდან ცოტა უკან დაიხიეს, თუმცა დანიელსონის მომზადებულ დოკუმენტზე მათი ხელმოწერა, საკმარისი არ არის

„ქართულ ოცნებაში“ ისეთი ხისტი პოზიცია ჰქონდათ, რომ დანიელსონის არასრულფასოვან დოკუმენტსაც კი ხელი არ მოაწერეს და როგორც ჩანს, გარე წნეხისა და შესაძლოა, ნაწილობრივ შიდა ამბების გააზრების შემდეგ, პირველი ბზარი გაჩნდა მათ პოზიციაში, რომ იმ უტიფრობიდან ცოტა უკან დაიხიეს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ამასთანავე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი ძალის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი ქვეყანაში არსებულ კრიზისს ვერ განმუხტავს, რადგან კრიზისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიძლევა თუ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას სახით პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, შეწყდება პოლიტიკური დევნა ქვეყანაში და მოხდება შეთანხმება ვადამდელ არჩევნებზე ან პლებისციტზე ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

გიგა ბოკერიას განმარტებით, საკითხში ნაკლებად ჩახედულებმა, ერთი შეხედვით შეიძლება იფიქრონ, რომ ეს პოზიტიური სიგნალია, თუმცა მალე გაირკვევა, რომ ეს არ არის გამოსავალი.

„სამწუხაროდ, მაგით ვერ დაიწყება კრიზისის განმუხტვა. სამ პუნქტზე ჩვენ ახლაც თანახმა ვართ, ოღონდ, ბუნებრივია, ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმებას ან პლებისციტზე შეთანხმებას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი ზღვრები ყველასთვის ცნობილია, ან უნდა შევთანხმდეთ პირდაპირ ვადამდელ არჩევნებზე, ან პლებისციტზე და ხალხს ვკითხოთ სურთ თუ არა, რომ იყოს არჩევნები 2022 წლის დასაწყისში, მაგალითად და პოლიტპატიმრების საკითხი, მე ამ ბრიფინგიდან ვერ გავიგე, ანუ პოლიტპატიმრებს ათავისუფლებენ ახლავე?! ეს კარგი ნაბიჯი იქნება, ეს არ არის საკმარისი განმუხტვისთვის, მაგრამ აუცილებელი პირობა არის განმუხტვის დასაწყებად და დროზე უნდა ვნახოთ მელია და რურუა თავისუფალი და სხვა საქმეები უნდა შევწყვიტოთ. დანიელსონის დოკუმენტში პოლიტპატიმრებზეც ბუნდოვანი ჩანაწერი იყო, შეიძლება ნორმალური მთავრობის პირობებში, ეგ საკმარისი აღმოჩნდეს, მაგრამ ის ჩანაწერი არ იძლეოდა მკაფიო გარანტიას, ამიტომ შედეგი უნდა ვნახოთ ჩვენ.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში ვადამდელი არჩევნები არის ერთ-ერთი პუნქტი, რაზეც შეთანხმება უნდა მოხდეს, შემდეგ უკვე „ოცნების“ პოზიციის გამო, მედიატორმა საბოლოო დოკუმენტში ეს საკითხი არ ასახა და ამიტომ იყო ის არასრულფასოვანი დოკუმენტი და ამიტომ არ უჭერდა მხარს „ევროპული საქართველო“ და ოპოზიცია.

ეს ხელმოწერა შეიძლება დროებით ვიღაცისთვის აღმოჩნდეს პოზიტიური სიგნალი, ვინც ბოლომდე არ ჩახედავს ან არაზუსტად აფასებს კრიზისის სიღრმეს, ოღონდ ძალიან მალე გაირკვევა, რომ ეს არ არის კრიზისის განმუხტვა“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე განმარტებით, ბუნდოვანი იყო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება 40%-იან მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რადგან თუ მოსახლეობის 60% მხარს უჭერს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და 40% არ უჭერს, გაუგებარია, რატომ უნდა გადაწყდეს საკითხი 40%-ის სასარგებლოდ.

ცნობისთვის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, ამ შემთხვევში „ჩვენ განვიხილავთ ოპოზიციის მოთხოვნებს [ვადამდელ] არჩევნებთან დაკავშირებით“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა