კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ონლაინრეჟიმში აგროჟურნალისტიკისა და აგროგანათლების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა, საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაცია „მერსი ქორპსის“ მხარდაჭერით, აგროჟურნალისტიკისა და აგროგანათლების საერთაშორისო კონფერენციას ონლაინრეჟიმში უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, მასში მონაწილეობას იღებდნენ სამეზობლო აგროგილდიის წარმომადგენლები როგორც საქართველოდან, ისე უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ასევე, ფორუმის მუშაობაში ჩაერთნენ დასავლელი კოლეგები შვეიცარიიდან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

შეხვედრაზე, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო, რის საფუძველზეც ფორუმისადმი ინტერესი მაღალი იყო. მონაწილეთა თქმით, პანდემიით გამოწვეული ონლაინფორმატის მიუხედავად, კონფერენციის მუშაობა საქმიანად წარიმართა. პლენარული პანელის შემდეგ მუშაობა სექციებში გაგრძელდა. სექციები კი თემატურად იყო დაყოფილი. გამომსვლელებმა აგროჟურნალისტიკის სწავლების მიზნებსა და აგროგანათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა და აგროკონფერენციის სამეცნიერო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ნათია კუპრაშვილმა აღნიშნა, კონფერენციის მოხსენებები როგორც კვლევითი, ისე პრაქტიკული ანალიზის ნაწილში, ძალიან მაღალ დონეს აჩვენებდა. მისივე თქმით, კონფერენციაზე წარმოდგენილი თემებით შეიქმნა ზოგადი სურათი, თუ რა ხდება აგრომიმართულებით რეგიონში.

„აღნიშნული კონფერენცია, თავისი შინაარსითა და მნიშვნელობით, ძალიან მაღალი დონის იყო. ის ფაქტი, რომ ფორუმი წარმატებით შედგა, არა მხოლოდ საკუთრივ აგროჟურნალისტიკის, არამედ მთლიანად დარგის განვითარებისთვის წინგადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეიძლება, ჩაითვალოს. სოფლის მეურნეობის განვითარებაზე პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მსჯელობასა და საერთო პროექტების კუთხით პრაქტიკულ მუშაობას უფრო დიდ შედეგებზე გავყავართ, ვიდრე მხოლოდ სამეცნიერო მიზნებია. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, რომელიც თავის სახელს ზედმიწევნით ამართლებს, გამოვცემთ ჩვენს პრაქტიკულ და სამეცნიერო შრომებს“, - აღნიშნა ნათია კუპრაშვილმა.

კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჭალაგანიძის თქმით, დარგის ექსპერტებმა, მათ შორის აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, კონფერენციის მუშაობას მაღალი შეფასება მისცეს.

„საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც 13 აპრილს ჩატარდა, აგროკომუნიკაციების დარგის განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მყარი ნაბიჯია. მოხარული ვართ, რომ კონფერენციის თემატიკით დაინტერესდნენ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები, არამედ საზღვარგარეთელი კოლეგებიც. ჩვენ ვგეგმავთ, მიღებული მოხსენებები კრებულად გამოვცეთ, რათა დარგით დაინტერესებულ მკითხველს კიდევ ერთი სასარგებლო დოკუმენტი შევთავაზოთ“, - აღნიშნა ნინო ჭალაგანიძემ.

ALCP-ის (Alliances Caucasus Programme) ჯგუფის ხელმძღვანელმა, ელენ ბრედბერმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება ინტერპერსონალურ გარემოში შეხვედრა და აგრომიმართულების განვითარებისათვის სამომავლო გეგმების დასახვა. მისი თქმით, კონფერენციაზე გაჟღერებული მესიჯები ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი იყო. ვიდეოსიუჟეტში ბრედბერიმ აგროჟურნალისტიკის მიმართულებით განხორციელებულ საგულისხმო პროექტებზეც ისაუბრა: 2017 წლიდან აგროჟურნალისტიკის განვითარებისათვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტენსიური მუშაობა დაიწყო. 2018 წელს ჩართულობა რეგიონული მასშტაბით გაიზარდა. 2019 წელს კი „კონსტრუქციული აგროჟურნალისტიკის“ ხუთენოვანი სახელმძღვანელო გამოიცა. როგორც ბრედბერმა აღნიშნა, აგროჟურნალისტიკის კურსი წარმატებით დაინერგა საქართველოს მედიასკოლებში.

საერთო ჯამში, აგროკონფერენცია რამდენიმე ძირითად მიზანს ემსახურებოდა: კავკასიის რეგიონში აგროკომუნიკაციების განვითარების წახალისებას, აგროჟურნალისტიკის სწავლებაში თანამედროვე მეთოდების დამკვიდრებას, საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების უმაღლეს სკოლებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს ხელშეწყობას.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!