ირაკლი ბერაია  უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობის ფაქტზე ორი პირის დაკავებას ეხმაურება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამორჩეული და სამაგალითო სპეცსამსახურია რეგიონში”, - ასე აფასებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობის ფაქტზე ორი პირის დაკავებას.

ირაკლი ბერაიას თქმით, უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის იმსახურებდა საერთაშორისო პარტნიორების უმაღლეს შეფასებებს.

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამორჩეული და სამაგალითო სპეცსამსახურია რეგიონში. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამსახურის საქმიანობა მასობრივი განადგურების იარაღის დამზადებისთვის საჭირო კომპონენტების და სხვა სახის რადიოაქტიური ნივთიერებებისა თუ მასალების უკანონო ბრუნვის აღკვეთის მიმართულებით. ამ კუთხით სამსახურის საქმიანობა, სხვა მიმართულებებით წარმატებულ ნაბიჯებთან ერთად, ყოველთვის იმსახურებდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უმაღლეს შეფასებებს.

აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამსახური სათავეში უდგას ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას და ზოგადად, ამ მიმართულებით ერთიან ეროვნულ ძალისხმევას, რაც ორიენტირებულია აღნიშნულ სფეროში საფრთხეების შემცირების ისეთ კომპონენტებზე, როგორებიცაა პრევენცია, გამოვლენა, მზადყოფნა და რეაგირება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სწორედ სამსახურის მაღალი სტანდარტით საქმიანობა და გაუვრცელებლობის ღონისძიებათა ეფექტიანი კოორდინაცია განაპირობებს აღნიშნულ სფეროში საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებას",- აღნიშნავს ბერაია.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პირები, ქუთაისში რადიოაქტიური მასალის გასაღებას 300 000 ევროს სანაცვლოდ გეგმავდნენ, რა დროსაც ისინი დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა