სერგო ჩიხლაძე - როგორ წარმოგიდგენიათ, პოლიტპატიმრებს დავთმობთ ოპოზიცია და მძევლებად დავტოვებთ რურუას და მელიას? რურუაზე არაფერია დოკუმენტში ნათქვამი, ისევე, როგორც ვადამდელ არჩევნებზე

როგორ წარმოგიდგენიათ, პოლიტიკურ პატიმრებს დავთმობთ ოპოზიცია და მძევლებად დავტოვებთ რურუას და მელიას? რურუაზე არაფერია ამ დოკუმენტში ნათქვამი, ისევე, როგორც ვადამდელ არჩევნებზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც ჩიხლაძე აცხადებს, კარგია, რომ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელისუფლება ხელს აწერს, თუმცა დარჩენილია მოლაპარაკებისთვის ორი მნიშვნელოვანი საკითხი - ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ამასთან, ჩიხლაძის ინფორმაციით, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შესაძლოა თვის ბოლომდე შედგეს.

„ოპოზიციურ პარტიებს მორიგი საკონსულტაციო-საკოორდინაციო შეხვედრა გვაქვს, სადაც განხილული იქნება როგორც გუშინ, „ქართული ოცნების“ მხრიდან შემოთავაზებული სიახლე, ასევე სამომავლო გეგმები 15 მაისთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ 5 საკითხიდან სამზე, ჩვენ, ოპოზიციური პარტიები ვთანხმდებოდით, რომ შესაძლებელი იყო ხელმოწერა, რაზეც „ქართული ოცნება“ არ თანხმდებოდა. დარჩა კიდევ ორი მნიშვნელოვანი თემა - პოლიტპატიმრები და ვადამდელი არჩევნები. ეს საკითხებიც მოითხოვს მოლაპარაკების შემდეგ რაუნდს და იქნება ძალიან სერიოზული საუბარი მხარეებს შორის. იმ მოცემულობით, რა მოცემულობითაც დოკუმენტია ახლა, „სტრატეგია აღმაშენებელს“ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი და ამაზე ხელი ვერ მოეწერება, თუ არ მოხდა შემდეგი მოლაპარაკება და კიდევ უფრო დაახლოება ამ ორ საკითხზე. როგორ წარმოგიდგენიათ, პოლიტიკურ პატიმრებს დავთმობთ ოპოზიცია და მძევლებად დავტოვებთ რურუას და მელიას? რურუაზე არაფერია ამ დოკუმენტში ნათქვამი ისევე, როგორც ვადამდელ არჩევნებზე.

40%-იანი შემოთავაზება სერიოზულ მსჯელობას მოითხოვს და სერიოზულ გაუმჯობესებას. რურუას თემა უნდა იყოს გათვალისწინებული და ამ დოკუმენტში არ არის, თანაც დროულად უნდა იყოს გათვალისწინებული და არა 7-9 თვის და 2 წლის მერე. მეორე საკითხი არის ვადამდელი არჩევნების თემა. ამ ორ საკითხზე მოლაპარაკებები საწარმოებელია. დანარჩენი სამი საკითხი შეთანხმებულია. „ქართული ოცნება“ წამოვა ამ 2 საკითხზე ისევე, როგორც იმ სამ საკითხზე წამოვიდა, როცა 2-3 თვის წინ არ მოდიოდა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების თანმიმდევრულმა, მტკიცე პოზიციამ განაპირობა ის, რომ წინსვლა გვაქვს. ასევე იქნება წინსვლა სხვა საკითხებზე. ასევე „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჩვენს კოლეგებთან ერთად ვაგრძელებთ ყოველდღიურ აქტიურ კომუნიკაციას დიპლომატებთან. ველოდებით სიახლეებს სამომავლო ფორმატთან დაკავშირებით. კონკრეტული დღე, ფორმატი გახდება უახლოეს დღეებში და კვირეებში ცნობილი. ვფიქრობ, თვის ბოლომდე უნდა შედგეს მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება მოხდება, განხორციელდება ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, ასევე „ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოხატავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, რაც გულისხმობს შემდეგს - თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს