გიგი უგულავა - მისასალმებელია, რომ ჩვენი პარტნიორების ზეწოლამ გაჭრა და „ქართული ოცნების“ ყრუ კედელი მოირღვა

კარგია და მისასალმებელია, რომ ჩვენი პარტნიორების ზეწოლამ გაჭრა და „ქართული ოცნების“ ყრუ კედელი მოირღვა, - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა მმართველი პარტიის მხრიდან მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერას.

როგორც უგულავამ ჟურნალსიტებს ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ საბოლოო ჯამში მიიღებენ რაციონალურ დოკუმენტს, სადაც მხარეების მთავარი მოთხოვნები აისახება, რაც უგულავას შეფასებითვე, „განსაკუთრებით „ქართულ ოცნებას“ სახის შენარჩუნების შესაძლებლობას დაუტოვებს“.

როგორც უგულავა აცხადებს, ამავე დოკუმენტის ფარგლებში უნდა მოხდეს საკითხების დეტალიზაციასც.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია 3 საკითხზე ჩვენ თანხმობა გვქონდა გამოცხადებული, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია მთელი რიგი საკითხების დეტალიზაცია იმ8ისთვის, რომ არ მოხდეს ის, რაც 8 მარტის შარშანდელ შეთანხმების მსგავსად მოხდეს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა და 2 თვე უარყოფდა შემდეგ ამას. ამიტომ დოკუმენტი საჭიროებს მთელ რიგ დეტალიზაციას დოკუმენტისვე ფარგლებში. მისასალმებელია ასევე ის, რომ არჩილ თალაკვაძემ მისდა უნებურად გახსნა თემა რიგგარეშე არჩევნების, თუმცა, წინადადება, რაც მან თქვა 40%-იან ჩამკეტზე, მიუღებელია. აქამდე ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ გვესმოდა ქირქილი და დაცინვა, რომ პროცენტებს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს და ისეც მოიგებენ და ასეც მოიგებენ. ახლა ვნახეთ როგორ უყურებენ თავიანთ შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, ეს ნაწილი ჩვენთვის მისაღები არ არის, მაგრამ მისასალმებელია ის, რომ დაიძრა რიგგარეშე არჩევნებამდე როგორ მივდივართ ეს საკითხი. დეტალიზაციას მოითხოვს ცესკოს თავმჯდომარის საკითხიც. იქ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც იცვლება, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ მკაფიოდ არ უთქვამს, ვრცელდება თუ არა ახალი კანონი, რომელსაც მიიღებენ, ქალბატონ თამარ ჟვანიაზე. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია დარჩეს თამარ ჟვანია და მივიღოთ მონაწილეობა იმ არცევნებში, რომელსაც ჟვანია ჩაატარებს“, - განაცხადა უგულავამ

რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, როგორც უგულავა აცხადებს, ნიკა მელია პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს და დოკუმენტს ხელი თავად მოაწეროს.

„მიმაჩნია, რომ მკაფიოდ უნდა გამოიყოს ნიკა მელიას გათავისუფლება, როგორც წინაპირობა იმიტომ, რომ ამ პოლიტიკური პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია და მან უნდა მოაწეროს ხელი. ამიტომ არსებული დოკუმენტის ფარგლებში რომ არ იყოს გაურკვევლობები და საზოგადოება მომდევნო სამი თვის განმავლობაში არ დაღალოთ ეს ვიგულისხმე და შენ ის არ გიგულისხმია, ამიტომ არის დეტალიზაცია საჭირო. იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში მივიღებთ რაციონალურ დოკუმენტს, სადაც მხარეების მთავარი მოთხოვნები ასახული იქნება ისე, რომ განსაკუთრებით „ქართულ ოცნებას“ სახის შენარჩუნების შესაძლებლობა ექნება.

რაც შეეხება ამნისტიას, იმ ფორმით ამნისტია, რომ ის რეალურად თუ შეეხება პოლიციელებს, დამრბევებს, თვალების დამთხრელებს, მათი დავალების მიმცემებს და ამის გაპრავება უნდა „ქართულ ოცნებას“, ეს ასე ვერ მოხდება. აქაც ბუნდოვანებაა. თუ ვრცელდება ამნისტია მარტო იმ მუხლზე, რომელი მუხლიც აქვს აქტივისტებს და ნიკა მელიას წაყენებული, ეს შეიძლება იყოს როგორც გამოსავალი. პოლიტპატიმრების საკითხზე ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ორი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს და ფორმები უნდა მოძებნოს „ქართულმა ოცნებამ“. სხვადასხვა შეხვედრაზე „ქართული ოცნება“ ამის სხვადასხვა მოდელს ასახელებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში თანხმობა ნათქვამი არ არის. უნდა იყოს მკაფიოობა ვინ როდის გამოდის და რაზე ვჯერდებით, რომ მერე არ იყოს გაურკვევლობა. ბოლო შეხვედრაზე დეტალიზაცია იმიტომ არ მოხდა, რომ „ქართულმა“ ოცნებამ“ ააყირავა მოლაპარაკების მაგიდა და თქვა, რომ ჩვენ ამას ხელს არ მოვაწერთ“, - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება მოხდება, განხორციელდება ამბიციური საარჩევნო და სასამერთლო რეფორმები, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, ასევე „ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოხატავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, რაც გულისხმობს შემდეგს - თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს