გიგი წერეთელი - ჯერჯერობით არავინ აპირებს დოკუმენტზე ხელმოწერას, მითუმეტეს, როცა მკაფიო არ არის რა ხდება ნიკა მელიასა და სხვა პოლიტპატიმრებთან, ასევე ახალ არჩევნებთან დაკავშირებით

ჯერჯერობით არავინ აპირებს ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ არის მკაფიო მთავარ საკითხებზე რა ხდება, თუნდაც მელიასთან დაკავშირებით და სხვა პოლიტპატიმრებზე, ასევე, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე მმართველი პარტიის ხელმოწერა ოპოზიციის მოთხოვნებს ვადამდელ არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე არ ცვლის.

„დღევანდელი შეხვედის მთავარი საკითხი იყო 15 მაისის აქციისთვის მზადება და ის მთავარი სამუშაო რაც უნდა გაწიონ პარტიებმა. რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობვა აქვს, რადგან როგორც ჩანს, პროტესტია ის ერთადერთი გზა, რომელსაც ოპოზიცია მიმართავს საბოლოო შეთანხმებისთვის.

რაც შეეხება დოკუმენტს, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ დანიელსონის დოკუმენტი ჩარჩო დოკუმენტია, სადაც ძალიან ბევრი საკითხია დასაზუსტებელი. მათ შორის, მთავარი საკითხები, რაც ეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, პოლიტპატიმრებს და ახალ არჩევნებზე მსჯელობას, ასევე, ბევრი სხვა საკითხი, რაც ზოგადად, შეიძლება შეთანხმებულად გვეჩვენება - საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების და სასამართლოს საკითხი, იქაც ბევრი დეტალებია, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. ამიტომ ჩვენი ამოცანა იქნება გაგრძელდეს მუშაობა ამ საკითხებზე და ჩვენი პრინციპული პოზიცია კიდევ ერთხელ გავაცნოთ ჩვენს მედიატორებს. ბუნებრივია, ხელისუფლებასაც უნდა ესმოდეს, რა იქნება გზა საბოლოო შეთანხმებისთვის. ჯერჯერობით არავინ აპირებს ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ არის მკაფიო მთავარ საკითხებზე რა ხდება, თუნდაც მელიასთან დაკავშირებით და სხვა პოლიტპატიმრებზე, ასევე, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა წერეთელმა.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ გაათავისუფლებენ ნიკა მელიას და გიორგი რურუას, დათმობს თუ არა ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს, წერეთელი ასე პასუხობს - „არა“.

„არ ვფიქრობ, რომ დღეს პოლიტიკურ ნაწილში ვინმე ცვლის თავის შეხედულებას დროულად ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით მე არ მომისმენია ასეთი რამ, რომ ვინმე აპირებს არჩევნებთან დაკავშირებით არ ისაუბროს. ახალი არჩევნების საკითხი იყო მიშელის დოკუმენტშიც, არის დანიელსონის დოკუმენტშიც ზოგადად, მაგრამ როგორ ხდება ამის დაკავშირება ახალ არჩევნებთან, რომელიც მთავარი საკითხია, ეს არ ჩანს. დანარჩენი ყველაფერი შეიძლება სპეკულაცია იყოს. ადგილობრივ არჩევნებთან მიბმა ახალი არჩევნების საკითხის არ არის რელევანტური. ამაზე არ ვმსჯელობთ ჩვენ და ეს არ იქნება სწორი. ეს არ არის ლოგიკური. ადგილობრივი არჩევნები არის სხვა პროცესი, ხოლო ახალი საპარლამენტო არჩევნები - სხვა. ამიტომ ეს არ არის სწორი მიდგომა“, - განაცხადა წერეთელმა და არ გამორიცხა, რომ შესაძლებელია რურუას გათავისუფლება პრეზიდენტის შეწყალების აქტით მოხდეს.

„შესაძლებელია, რომ პრეზიდენტის ელჩებთან შეხვედრაც ამას ემსახურებოდეს, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ რაც უფრო მალე დასრულდება ეს შეხვედრა და დროულად იქნება განსაზღვრული სამომავლო ნაბიჯები რა უნდა იყოს, ეს ქვეყნისთვის არის კარგი. თეორიულად შესაძლებელია, რომ ზურაბიშვილმა შეიწყალოს გიორგი რურუა. ამაზე ადრეც იყო საუბარი, თუმცა, რაიმე მზაობა ან მიმღებლობა ამ საკითხის არ იყო პრეზიდენტის მხრიდან. შესაძლებელია, რომ ახლა ეს შეიცვალოს. რაც უფრო დროულად მოხდება ყველა იმ ადამიანის გათავისუფლება, რომელსაც აქვს პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა მისჯილი, რა თქმა უნდა, ეს იქნება უკეთესი ნაბიჯი შეთანხმებისკენ გადადგმული“, - განაცხადა წერეთელმა.

რაც შეეხება ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის განცხადებას, რომელშიც ის ოპოზიციას მოუწოდებს, მმართველი პარტიის მაგალითს მიბაძოს, როგორც წერეთელი აცხადებს, ჩვენს მეგობრებს გული შესტკივა საქართველოზე და მსგავსი განცხადებები ბევრი იქნება.

„საერთაშორისო თანამეგობრობას გული შესტკივა საქართველოზე და მათ შორის, ჩვენს მეგობრებს, ამიტომ ბევრი განცხადება იქნება მომავალ კვირაშიც იმგვარი, რაც ბუნებრივია, მოუწოდებს ოპოზიციასაც, რომ მათაც საპასუხოდ გადადგან ნაბიჯები. ოპოზიცია ახსნის თუ რა ნაბიჯებს გადადგამს იმ პრინციპების გათვალისწინებით, რაც მისთვის არის ყველაზე მთავარი. დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯები ნათელი და მკაფიო იქნება ჩვენი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება მოხდება, განხორციელდება ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, ასევე „ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოხატავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, რაც გულისხმობს შემდეგს - თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს