აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო აუდიტის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ არის ორიენტირებული საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის ხარჯზე განახორციელოს დაბალხარისხიანი და იაფი სერვისების მიწოდება, - ასე ეხმაურება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აუდიტის სამსახურის ანგარიშით, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვებს, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა.

მათივე განცხადებით, უწყების მიზანია ხარისხიანი ჯანდაცვითი სერვისები ბენეფიციარების საჭიროების მიხედვით გახადოს ხელმისაწვდომი, როგორც ეკონომიური, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით.

„მიმდინარე წლის 16 აპრილს სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჩატარებული 2018-2019 წლების პროგრამებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიდან ამონარიდი, რომელთან დაკავშირებით სამინისტრო აცხადებს, რომ მითითებულ პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი (სატენდერო კომისიის თავმჯდომარე) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია 2019 წლის ივნისიდან. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ტენდერები პროცედურულად სწორად იქნა ჩატარებული, სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ მოქალაქეთა ამბულატორიული დახმარების პროგრამის“ სტომატოლოგიური ორთოპედიული პროთეზირების კომპონენტის პროგრამის ფარგლებში შპს ,,32 დენტი“-სგან შესყიდული მომსახურების საეჭვო გარემოებების გამოვლენისთანავე სამინისტრომ მყისიერად მიიღო ზომები და სახელმწიფო აუდიტის ჩატარებამდე გადააგზავნა მასალები შესაბამის უწყებაში, სადაც საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და გვეცნობება შედეგები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, 2018-2019 წლებში სამინისტროს შესყიდვების გეგმებთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შენიშვნები არ გამოუთქვამს.

„აქვე აღვნიშნავთ, რომ აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თავისი საქმიანობიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, არის სენსიტიური უწყება და ხშირ შემთხვევაში, დევნილი ბენეფიციარების ჯანმრთელობის პრობლემებზე დაუყოვნებლად რეაგირებს, შესაბამისად, პრაქტიკულად შეუძლებელია წინა წლის მეოთხე კვარტალში მომდევნო წელს განსახორციელებელი ყველა პროგრამის დაგეგმვა. მითუმეტეს, რომ აუდიტის დასკვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება სამინისტროს შესყიდვების გეგმას, საუბარი არ არის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ და არაეფექტურად ხარჯვაზე, არამედ ყურადღება გამახვილებულია ტექნიკურ ხარვეზზე, რომელიც გამოსწორებულ იქნა აუდიტორული შემოწმების პროცესში. აღნიშნულზე ინფორმირებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში სამინისტროს შესყიდვების გეგმებთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შენიშვნები არ გამოუთქვამს.

აუდიტის ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით შედგა გაფართოებული და ხანგრძლივი online-შეხვედრა აუდიტორებთან. პუნქტობრივად ყველა შეკითხვას ამომწურავი და არგუმენტირებული პასუხი გაეცა, ახსნილი იქნა არსებული გარემოებები და მუშაობის თავისებურებები, რითაც ფაქტობრივად გაბათილდა აუდიტორთა წინასწარი მოსაზრებები.

ელექტრონული ტენდერების მეშვეობით მომსახურების შესყიდვა საბიუჯეტო თანხების ეკონომიის საშუალებას იძლევა. სამინისტრო იცავს მოქმედი კანონმდებლობის, არსებული რეგულაციების მოთხოვნებს, სოციალური სამართლიანობის და სოლიდარობის, აფხაზეთის მოსახლეობის მაქსიმალური მოცვის პრინციპებს. მეორეს მხრივ, საქართველოს ჯანდაცვისგან განსხვავებულ სერვისებს აწვდის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას, რაც თავისთავად, განაპირობებს ობიექტური რისკების არსებობას და აისახება დაგეგმილი პროგრამების განხორციელებაზე. სამინისტროს მთავარი „დივიდენდი“ და შეფასების კრიტერიუმი არის კმაყოფილი ბენეფიციარი.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამინისტრო არ არის ორიენტირებული საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის ხარჯზე განახორციელოს დაბალხარისხიანი და იაფი სერვისების მიწოდება. უწყების მიზანია ხარისხიანი ჯანდაცვითი სერვისები ბენეფიციარების საჭიროების მიხედვით გახადოს ხელმისაწვდომი, როგორც ეკონომიური, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს